ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი რუსეთს და ჩინეთს აკრიტიკებს


სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ სირიის საკითხებზე გაეროს რეზოლუციის დაბლოკვა ყოვლად დაუშვებელია

პარიზში გამართული სირიის მეგობართა სამიტის დასრულებისთანავე, რომელშიც 100-მდე ქვეყნის წარმომადგენელი და 40 საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობდა, ჰილარი კლინტონმა რუსეთის და ჩინეთის პოზიციის შესახებ ისაუბრა. სახელმწიფო მდივნის თქმით, სირიელი ხალხის მეგობარი ქვეყნების მიერ მხოლოდ პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მოწინააღმდეგეთა მხარდაჭერა საკმარისი არ არის, მაშინ როცა რუსეთი და ჩინეთი „პროგრესს აფერხებენ“.

გთხოვთ, ხმა მიაწვდინოთ რუსეთს და ჩინეთს. და არა მარტო სთხოვოთ, არამედ მოსხოვოთ მათ, რომ განზე დგომა შეწყვიტონ და მხარი სირიელი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებებს დაუჭირონ. გულახდილად რომ გითხრათ, მხოლოდ სირიის მეგობართა შეხვედრაზე მოსვლა საკმარისი არ არის. რადგან, მართლაც ძალზე გულწრფელად გეუბნებით, ჩემი აზრით რუსეთს და ჩინეთს ჰგონიათ, რომ მათ ასადის რეჟიმის დაცვისთვის არავითარი საზღაურის გადახდა არ მოუწევთ, - სრულებით არანაირის“ - განაცხადა მან.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული


რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ ზედიზედ რამოდენიმეჯერ დაბლოკეს. თუმცა, მათ თანხმობა განაცხადეს იმაზე, რომ სირია გარდამავალმა ხელისუფლებამ მართოს, რაც გაეროს და არაბული ლიგის მიერ შემუშავებული სამშვიდობო გეგმის ერთ-ერთი ნაწილია.

„მათ გარდამავალი პერიოდის მხარდაჭერა ოფიციალურად დაადასტურეს. ჩვენ მუშაობა ახლა თავიდან უნდა დავიწყოთ და უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერა რუსეთს და ჩინეთს თავიდან უნდა მოვთხოვოთ, რათა სირიის სანქციები, მე-7 პუნქტის ჩათვლით, სწრაფად და ეფექტურად ამოქმედდეს“ - აღნიშნავს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი.

პარიზში ჰილარი კლინტონის თანმხლები ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რეზოლუციის მე-7 პუნქტი კონფლიქტში სამხედრო ძალების ჩართვას არ ითვალისწინებს. ის მხოლოდ სავალდებულო საერთაშორისო სანქციების დაკისრებას მოითხოვს. იარაღის ემბარგოსთან დაკავშირებით მოლაპარაკებათა ენთუზიაზმი თანდათან მინელდა. იმის გამო, რომ რუსეთი და ირანი ასადის იარაღით მომარაგებას აგრძელებს, ემბარგოს შემთხვევაში ამბოხებულები შეიარაღების გარეშე დარჩებიან.

რუსეთმა და ჩინეთმა თანხმობა გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით ივნისის ბოლოს ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებაზე განაცხადეს. ამის მიუხედავად, მხარეები შეთანხმების სწორი ინტერპრეტირების საკითხებზე და პრეზიდენტ ასადის როლზე უკვე დაობენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ჟენევის შეთანხმება სირიელთა შორის მოლაპარაკების პროცესიდან არცერთი პოლიტიკოსის გამორიცხვას არ გულისხმობს და ეროვნული დიალოგის გამართვისთვის არანაირ წინაპირობას არ აყენებს. მას არ ეთანხმება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, აჰმედ დავუთოღლუ. პარიზის შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ საერთაშორისო შეხვედრაზე პრეზიდენტ ასადის მომავლის რუსული ინტერპრეტაცია არასწორია.

„გარდამავალი პერიოდი ცვლილებას გულისხმობს. რისთვის არის საჭირო გარდამავალი მთავრობა? იმისთვის, რომ არსებული მთავრობა შეიცვალოს. ის არ არის ლეგიტიმური, ქვეყანას ვერ აკონტროლებს და შესაბამისად ვერც გარდამავალ პერიოდს უხელმძღვანელებს“ - აღნიშნავს თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი და დასძენს, რომ პროცესის გაჭიანურება საფრთხეს ზრდის და ასადის რეჟიმს კიდევ უფრო მეტი სირიელის დახოცვის საშუალებას აძლევს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანგარიშით, მილიონზე მეტ სირიელს სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება. გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი-მუნის განცხადება პარიზში მისმა თანაშემწემ პოლიტიკის საკითხებში, ოსკარ ფერნანდეს-ტარანკომ, გაახმოვანა. მან აღნიშნა, რომ სირიული კონფლიქტი კრიტიკულ ფაზაში გადავიდა.

„მკვლელობები, ზრდასრულთა თუ ბავშვთა გატაცებები იმდენად გახშირდა, რომ მალე ეს ყოველივე სირიის საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს. რელიგიურ ნიადაგზე სამოქალაქო ომის სცენარის განვითარება სირიაში არამარტო ქვეყნის მომავალს, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოებას ემუქრება“ - აცხადებს გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე.

მას სირიაში გაეროს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი რობერტ მუდიც ეთანხმება. მისი თქმით, სირიაში ძალადობამ „უპრეცენდენტო“ დონეს მიაღწია. მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე თუ ვერ შეთანხმდნენ, შეუირაღებელი დამკვირვებლები მისიის გაგრძელებას ვეღარ მოახერხებენ.
XS
SM
MD
LG