ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი: მზად ვართ ამერიკასთან განსხვავებულ შეხედულებებზე სამუშაოდ


ჩინეთი ამერიკის შეერთებულ შატატებთან "განსხვავებული შეხედულებების მართვის" თაობაზე თანამშრომლობის მზაობას გამოთქვამს. პეკინი ამბობს, რომ მზად არის ითანამშრომლოს ამერიკასთან იმისთვის, რომ ერთობლივად შეძლონ გლობალურ გამოწვევებზე რეაგირება. ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტის განცხადებაზე დაყრდნობით, ადგილობრივი სახელმწიფო მედია წერს.

ჩინური მედიის ცნობით, პრეზიდენტ სი ძინპინის ეს განცხადება ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინაში "ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობების ეროვნული კომიტეტის" ყოველწლიურ ვახშამზე წაიკითხეს. "შეძლებს თუ არა ორი ქვეყანა დაამყაროს ურთიერთობების „სწორი“ გზა გადამწყვეტი იქნება მსოფლიოსთვის", - ნათქვამია განცხდებაში.

სახელმწიფო მედიის თანახმადვე, ჩინეთის პრეზიდენტი წერილში ასევე ამბობს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები უნდა დაშენდეს „ურთიერთპატივისცემის, მშვიდობიანი თანასწორობისა და ორივე მხარის გამარჯვების“ პრინციპებზე. ამ კვირის ბოლოს ვაშინგტონში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვანგ იის ვიზიტია დაგეგმილი.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებს 26 ოქტომბერს ეწვევა და ვაშინგტონში შაბათამდე დარჩება. სამდღიანი ვიზიტის განმავლობაში ის ამერიკის მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირებს შეხვდება. მოგვიანებით ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს სან-ფრანცისკოშიც გამართავს, აზია- წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე, რომელიც ნოემბერში გაიმართება.

ამერიკაში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტამდე, ზაფხულში ჩინეთში იმყოფებოდა ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. მისი ვიზიტის მიზანი ის იყო, რომ მსოფლიოს ორ უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, ამერიკასა და ჩინეთს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობები კონფლიქტში არ გადაზრდილიყო. საუბრის მთავარ საკითხებს შორის იყო ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირები, სამხრეთ ჩინეთის ზღვა და ტაივანი.

ჩინელი ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ვანგის ვიზიტის შემდეგ შეიძლება გაჩნდეს იმის შესაძლებლობაც, რომ ამერიკისა და ჩინეთის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG