ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ გია ცერცვაძე გაათავისუფლა უკრაინულმა სასამართლომ. თუმცა დეტალური პირობები- მოხდა თუ არა შეთანხმება და რა დაედო საფუძვლად გათავისუფლების ბრძანებას, უცნობია. მათ შესახებ თავად ცერცვაძე ჯერ არ საუბრობს.

ვიცე–ოლკოვნიკ გია ცერცვაძის სასამართლო პროცესი, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო კიევში, გადაიდო. ოფიციალურ მიზეზად საქალაქო სასამართლოს მიერ შესაბამისი მასალების დაგვიანებით წარდგენა სახელდება. სააპელაციო სასამართლოს გია ცერცვაძისთვის 40 დღიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების კანონიერების საკითხზე უნდა ემსჯელა.

გია ცერცვაძე საქართველოს მოქალაქეა, ის თავდაცვის უწყებაში წლების განმავლობაში მუშაობდა, მონაწილეობას იღებდა საომარ ოპერაციებში აფხაზეთსა და ოსეთში, ასევე 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომში, ხოლო მას შემდეგ, რაც 2013 წელს იგი სამსახურიდან დაითხოვეს, უკრაინაში წავიდა, სადაც ასევე მონაწილეობდა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში. რუსეთმა მასზე ძებნა ინტერპოლის მეშვეობით გამოაცხადა. 15 იანვარს ის კიევის ჟულიანის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, სადაც საქართველოდან ჩაფრინდა. რუსეთი საქართველოს მოქალაქის გადაცემას უკრაინას სთხოვს. საქართველოში კი დაკავებული პოლკოვნიკის საკითხი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თემად იქცა. გუშინ მასზე პრემიერმა კვირიკაშვილმაც ისაუბრა: „საქართველო არ გადასცემს საკუთარ მოქალაქეებს სხვა ქვეყანას. მით უმეტეს, ქვეყანას, რომელსაც აქვს სამხედრო ბაზები განთავსებული ჩვენს ტერიტორიაზე. აქ კითხვის ნიშნები საერთოდ არ უნდა იყოს. ორი დღეა ჩვენი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე არის ყოველწუთიერ კონტაქტზე უკრაინის გენერალურ პროკურორთან. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ეს საქმე გადაწყდება ისე, რომ ბატონი ცერცვაძე არ იქნება გადაცემული რუსეთზე, მაგრამ აქ მთავარი არის სულ სხვა რამ: ჩვენ ოპონენტებს აქვთ სურვილი, რომ ჩვენ მუდმივად ვიმყოფებოდეთ თავის მართლების რეჟიმში. მათ აიყოლიეს, რა თქმა უნდა, საკუთარი ტელევიზია, მათი პარტნიორი ტელევიზიები, არასამთავრობო სექტორის ნაწილი. მათ უნდათ, რომ მუდმივად ჩვენ ამოგვაგდონ მთავარი დღისწესრიგიდან და ვიმყოფებოდეთ თავის მართლებაში, რომ ჩვენ არ ვართ ქვეყნის დამაქცევრები.“

როგორც წესი, გაწონასწორებულმა პრემიერმა პოლკოვნიკ ცერცვაძის საკითხის გამო, ყოფილი მმართველი გუნდი და ამჟამინდელი ოპოზიცია ქვეყნის უსაფრთხოების დაზიანებაში დაადანაშაულა: „ეს ხდება იმ პოლიტიკური ძალის მიერ, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ათწლეულის პერიოდში დაზიანებაზე. რომელმაც ქვეყანა წამოაგო უმძიმეს პროვოკაციაზე და რუსეთის იმპერიული ზრახვების განხორციელებას მწვანე შუქი აუნთო. უფრო მეტიც, ისინი გვდებენ ბრალს სამხედროების უპატივისმცემლობაში მაშინ, როდესაც 2008 წლის კონფლიქტის მონაწილე თითქმის ნახევარი ჯარი ციხეში ამოალპეს, ჩახოცეს ციხეში, გვამებიც კი არ გამოასვენეს კონფლიქტის ზონიდან. მათ უმძიმესი პროვოკაცია მოაწყვეს კოდორის ხეობაში და იქ მყოფი გმირი ადამიანები ჩახოცეს, კრიალაშვილი, რომელიც უკვე გვამი იყო, სკამზე მიაბეს და კიდევ ერთხელ დახვრიტეს – ეს ადამიანები გვდებენ ჩვენ ბრალს სამხედროების უპატივისმცემლობაში.“

ითანამშრომლეს თუ არა საქართველოს ძალოვანმა სტრუქტურებმა რუსეთთან, ამის შესახებ საუბარს შსს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი პასუხს არ იძლევა: „კონკრეტულ პასუხებს თქვენ ვერ მიიღებთ ამ ფორმატში. კიდევ ვიმეორებ, თემის სენსიტიურობიდან და სირთულიდან გამომდინარე, ვერ გავაკეთებ ასე საჯაროდ კომენტარებს“,– აცხადებს მინისტრი.

ცერცვაძის საკითხის გამო საქართველო საკმაოდ უხერხულად გამოიყურება. ჩანს, რომ ქვეყანამ ვერ უზრუნველყო საკუთარი მოქალაქის, ყოფილი სამხედრო პირის ჯეროვანი დაცვა და ახლა მასზე პასუხისმგებლობის აღება უკრაინას უწევს. ამერიკის ხმასთან ნოდარ ხარშილაძემ, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტრის წარმომადგენელმა ისაუბრა, რომელსაც წლების განმავლობაში ძალოვან უწყებებში მაღალი თანამდებობა ეკავა, თავდაცვისა და შს მინისტრის მოადგილის პოსტზე მუშაობდა. „გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოსდა საზღვრის დაცვის უწყება ვალდებულია საზღვარზე გაატაროს ნებისმიერი მოქალაქე, არ შეესაბამება სიმართლეს. პირიქით, არაა ვალდებული საზღვარზე გაატაროს პირი, თუ ის ინტერპოლითაა ძებნილი. მე ვერ ვხედავ აქ ლოგიკასა და სახელმწიფოებრივობის მომენტებს. საზოგადოების მხრიდან მძაფრი რეაქცია სწორედ იმას მოჰყვა, რომ გამოვიდა, ჩვენმა სამსახურებმა ითანამშრომლეს რუსეთის სპეცსამსახურებთან ცერცვაძის საქმეზე. ეს ორმაგად უფრო უარყოფით რეაქციას იწვევს ჩემში. მესმის, რომ პრობლემები არსებობს, მაგრამ ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას ვერაფრით ვამართლებ. დამატებითი პრობლემაა კიდევ ის, რომ არააკოორდინირებულად ვრცელდება მესიჯები მთავრობის მხრიდან, როგორც ეს ხშირად ხდება: პრემიერი სხვა რამეს ამბობს, სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები სხვა რამეს ამბობენ. ესეც დამატებით ნეგატიურ ასპექტს სძენს ამ საქმეს. რჩება შთაბეჭდილება, რომ თვითონ არ იციან, რა გააკეთეს, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ გამოგვივიდა რუსეთთან თანამშრომლობა. არ ვიცი, ეს შეგნებულად იყო თუ შეუგნებლად, მაგრამ მთლად შეუგნებლად გაკეთებულად მე ვერ მივიჩნევდი. აბსოლუტურად გასაგები იყო, რომ ცირკულარი გადმოცემული ჰქონდათ და ასე შემდეგ – ეს რაც გამოქვეყნდა. მე დადებითს ამაში ვერაფერს ვხედავ, სახელმწიფო ასე არ უნდა ექცეოდეს საკუთარ მოქალაქეებს.“

რამდენადაც ამერიკის ხმამ მოიკვლია, ცირკულარით ძებნის დაწყებასთან ერთად, ინტერპოლის მიერ ქვეყნებს ასევე მიეწოდება ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რომელი სახელმწიფო, რა ბრალდების საფუძველზე ითხოვს მოქალაქის გადაცემას. ამდენად, საქართველოს შესაბამის უწყებებს, სავარაუდოდ, ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია ცერცვაძის საზღვარზე გადაადგილების შემდგომ მოსალოდნელ პროცედურებზე.

საქართველოს მოქალაქის ინტერესების დაცვა ამჯერად უკრაინაში საქართველოს ელჩის, მიხეილ უკლებას კომპეტენციაა, რომელიც უკრაინის სახალხო დამცველთან შეხვედრას აპირებს. რუსეთისთვის გადაცემის შემთხვევაში, ცერცვაძის ოჯახი მის გარდაუვალ მკვლელობაზე საუბრობს. ვიცე პოლკოვნიკის სასამართლო პროცესი კიევში 3 თებერვალს გაიმართება.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG