ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსპერტები: დროა მხარდაჭერაზე საუბარი დასრულდეს და რუსეთის შეკავება დაიწყოს


ამერიკის სენატში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის კოალიციის ორგანიზებით - რომლის წევრიც ქართული ასოციაციაცაა - შეხვედრა გაიმართა სახელწოდებით “ნატოს პოზიცია რუსეთთან მიმართებაში: ხედვა თუ რეაქცია.” შეხვედრას ამერიკის კონგრესის, ადმინისტრციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სენატში გამართულ ღონისძიებაზე ნატო-რუსეთის ურთიერთობებზე ისაუბრეს. სიტყვით გამოსული ექსპერტები ერთ მოსაზრებას იზიარებენ, რომ ალიანსი რუსეთთან მიმართებაში უნდა გაერთიანდეს და საერთო ინტერესებიდან გამომდინარე შეიმუშავოს მოსკოვთან ურთიერთობის სტრაგეტია. ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი მამუკა წერეთელი აცხადებს, რომ ნატო-რუსეთის ურთიერთობების გაანალიზება ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ევროპის უსაფრთხოებისთვის, არამედ რუსეთის მეზობელი ქვეყნებისთვისაც. ის ამბობს, რომ დასავლეთმა ნატოსთან მიმართებაში რუსეთის სტრატეგია უნდა გააცნობიეროს.

“ნატო-რუსეთის ურთიერთოებები დანახული უნდა იქნას უფრო დიდ კონტექსტში, როგორიც არის რუსეთის ფართო სტრატეგია. ის გულისხმობს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შეცვლას. ამ ახალ არიტექტურაში, რომელიც რუსეთს უნდა რომ დაამკვიდროს, მას სურს ჰქონდეს ვეტოს უფლება ყველა ქვეყანასთან მიმართებაში, რომელსაც მოუნდება ნატოში გაწევრიანება, ან ევროკავშირში გაერთიანება,“ ამობს მამუკა წერეთელი. მისივე თქმით, „რუსეთს სურს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის შეზღუდვა და ამაზე დასავლეთის სხვა ქვეყნებიდან სურს თანხმობის მიიღება. ჩვენი მიზანია, რომ კიდევ ერთხელ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ ქვეყნები არიან სუვერენული და მათ უნდა ჰქონდთ უფლება გადაწყვიტონ საკუთარი ბედი.”

ლიტვის ელჩის მოადგილე მინდაუგას ჟიკუსი რუსეთის სტრატეგიის გაანალიზებასთან ერთად კრემლის მიმართ დასავლეთის პოლიტიკის შეცვლას უჭრეს მხარს. ამისთვის, დასავლეთის გაერთიანებაა საჭირო. მისი აზრით, ამ პროცესებში წამყვანი როლი ამერიკამ უნდა შეასრულოს. ლიტველი დიპლომატი ევროპაში მოკავშირე ძალების უმაღლესი მთავარსარდალის გენერალ ფილიპ ბრიდლოვის მოსაზრებას იზიარებს და ამბობს, რომ ამერიკამ პარტნიორების მხარდაჭერაში დარწმუნება უნდა დაამთავროს და რუსეთის შეკავება დაიწყოს:

“რუსეთს მესიჯი უნდა გაეგზავნოს, რომ ნებაყოფლობით წამოწყებული სამხედრო თავგადასავლები აღარ გაიმეოროს. მხარდაჭერის გამოცხადებამ იმუშავა, მაგრამ ახლა უფრო ძლიერი გზავნილია საჭირო. ეს გზავნილი შეკავების პოლიტიკაა, რომელმაც არსებული მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს. შეკავების ერთი ასპექტი სამხედრო ძალაა, ხოლო მეორე კი რუსეთის პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა. დასავლეთმა ორივე მიმართულებით უნდა დაიწყოს აქტიურად მუშაობა.”

ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოლკერი ამბობს, რომ დასავლეთმა რუსეთთან მიმართებაში ერთიანი სტრატეგიის შემუშავება რუსული ნარატივის წინააღმდეგ საკუთარი არგუმენტების გაჟღერებით უნდა დაიწყოს. ვოლკერი ამბობს, რომ ნატო თავდაცვითი ალიანსია, რომელიც საფრთხეს არავის უქმნის:

“რუსეთის ნარატივი ასეთია, რომ ნატომ პირობა დადო, რომ არასოდეს გაფართოვდებოდა, ახალი წევრების ტერიტორიაზე სამხერდო არქიტექტურას არ განალაგებდა, რუსეთს საფრთხეს არ შეუქმნიდა. რუსეთი ამბობს, რომ ნატო აგრესიას იჩენს და რუსეთს საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვს. ეს ყველაფერი ტყუილია. ნატო რუსეთს არაფერს შეპირებია, გარდა იმისა, რომ აღმოსავლეთ გერმანიაში არ განალაგებდა ჯარებს,“ ამბობს ყოფილი ელჩი.

ნატო-რუსეთის საბჭოს დამფუძნებელ დოკუმენტში ვოლკერის მიერ ჩამოთვლილი პირობები მკაფიოდაა ჩამოყალიბებული. საბჭო 1997 წელს დაარსდა. ეგრეთწოდებულ, „დამფუძნებელ აქტში“ ნათქვამია, რომ იმ დროისთვის არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ნატოს არ მიაჩნია საჭიროდ პერმანენტული, მოზრდილი კონტინგენტების განთავსება ახალი წევრების ტერიტორიებზე.

მას შემდეგ მდგომარეობა შეიცვლა - რუსეთი საქართველოში კონვენციური შეიარაღებით შეიჭრა, მისი ორი რეგიონის - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის - ოკუპაცია მოახდინა და ეს ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა. რუსეთმა ასევე მოახდინა ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერას აგრძელებს. გარდა ამისა, რუსეთის სამხედრო დოქტრინაში ნატოს გაფართოება ეროვნული უშიშროების ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხედაა შეფასებული. ეს ფაქტორები დღევანდელ ვითარებას მნიშვნელოვნად განასხვავებს 1997 წელს არსებული მდგომარეობიდან.

ვოლკერი ამბობს, რომ რუსეთი ნატოს მიზნებზე მცდარ ინფორმაციას ავრცელებს: „ნატო არავის ემუქრება. ეს თავდაცვითი ალიანსია, რომელიც გადაწყვეტილებებს კონსესუსზე დაყრდნობით ღებს. მისი წევრები რუსეთთან ომის დაწყებას არასოდეს დათანხმდებიან. ამასთან, ნატოს კარი რუსეთისთვის არასოდეს დახურულა. მაგრამ რუსეთი ნატოს წევრი რომ გახდეს, იგივე მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს, რაც სხვა ქვეყნებმა - უნდა გახდეს დემოკრატიული, საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებული, თავისუფალი ქვეყანა."

ვოკლერი ასევე დასძენს, რომ რუსეთის ნარატივის საპირწონედ დასავლეთის პოზიციის გაჟღერება პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილია. მისი აზრთ, პროპაგანდას როგორც ნატოს წევრები და მთლიანად დასავლეთი, ასევე ნატოში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებიც უნდა ებრძოლონ:

“ჩვენი ლიდერები ამ თემებს თავს არიდებენ. მათ რუსეთთან კონფრონტაციაში შესვლა არ სურთ. რუსეთს კი კონფრონტაცია ძალიან მოსწონს. რუსეთის არგუმენტის უპასუხოდ დატოვება მათ ნარატივს წონას მატებს. ამიტომ აუცილებელია ამ თემებზე საჯაროდ საუბარი.”

ექსპერტები თანხმდებიან, რომ ნატოს წევრი ქვეყნები რუსეთთან მიმართებაში ერთიანი, საერთო ინტერსებიდან მომდინარე პოლიტიკით არ ხელმძღვანელობენ. ეს ალიანსის არა მხოლოდ სანდოობაზე, არამედ ერთიანობაზეც უარყფითად აისახება.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG