ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კასტროს გარდაცვალებას ჰავანა გლოვობს, ხოლო მაიამის "პატარა ჰავანა" ზეიმობს


მაიამიში მცხოვრები კუბელები კასტროს სიკვდილს ზეიმობენ

მაიამიში მცხოვრები კუბელები კასტროს სიკვდილს ზეიმობენ

კუბაში ჰავანის რევოლუციის მოედანზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა, ქვეყნის სოციალისტი ლიდერის, ფიდელ კასტროს გამოსამშვიდობებელ აქციაში მონაწილეობის მისაღებად. რევოლუციური ლიდერის სამგლოვიარო პროცესი კვირას გასტანს.

კასტროს სიკვდილს კუბაში განსხვავებული გამოხმაურებები მოჰყვა, ზოგი მას ღმერთს უწოდებს და გლოვობს, ზოგი კი დიქტატორად მოიხსენიებს.

„ის იყო ერთდერთი, რომელიც მე და ჩემს შვილებს წინ მიგვიძღოდა. ის ჩემი ღმერთია“, - განაცხადა ხოსე ლუის ჰერერამ, დემონსტრაციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

კასტროს წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციის, „ქალები თეთრებში“ ლიდერის ბერტა სოლერის თქმით, მათ არა კერძო პიროვნების, არამედ დიქტატორის სიკვდილი ახარებთ.

„ჩვენ პიროვნების, ადამიანის სიკვდილი არ გვიხარია. ჩვენ გვიხარია დიქტატორის სიკვდილი“, - აღნიშნა სოლერიმ.

90 წლის კასტრო პარასკევს გარდაიცვალა. ის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ავადმყოფობდა. სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კუბაში დროშები დაშვებულია. რევოლუციის მოედანზე, კასტროს გამოსახულებით უზარმაზარი ბანერი გამოფინეს. კასტროს ფერფლს, სამგლოვიარო პროცესიით, იმ გზას გაატარებენ, რომლითაც ის ხელისუფლებაში მოვიდა. კასტრომ და პარტიზანთა ჯგუფმა ჰავანაზე შეტევა ხელისუფლების წინააღმდეგ სიერა მაესტრადან დაიწყოს და ბრძოლის შედეგად 1959 წლისთვის ჰავანაში ხელისუფლებას დაიკავეს.

მისი დასაფლავება 4 დეკემბერს გაიმართება, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ სანტიაგოში.

კუბასთან განსხვავებით, მაიამიში ერთსულოვანი სიხარული სუფევდა. ორგანიზაციამ „ქალები თეთრებში“, სხვა დისიდენტთა ორგანიზაციებთან ერთად, ადგილობრივ კუბელ იმიგრანტებს საჯარო გამოსვლისკენ მოუწოდა. ისინი მათ მშობლიურ ქვეყანაში დემოკრატიულ ცვლილებებს ითხოვენ.

ორგანიზაცია „ქალები თეთრებში“, 2003 წელს დაარსდა და პოლიტიკური მოტივით პატიმრობაში მყოფი ოჯახის წევრების გათავისუფლებისთვის იბრძვის. პოლიტიკური ოპოზიცია ერთპარტიულ კუბაში აკრძალულია. ორგანიზაცია 2003 წლიდან მოყოლებულ ყოველკვირეულ დემონსტრაციებს მართავს ჰავანაში. AP-ის მიხედვით, 1964 წლისთვის, კასტროს 150,000 პოლიტიკური პატიმარი ყავდა, ასობით ათასმა ადამიანმა ქვეყანა დატოვა, მათ შორის, კასტროს შვილმა ალინა ფერნანდეს რევუელტამ და მისმა პატარა დამ ხუანამ.

მაიამის დასახლება „პატარა ჰავანაში“, კუბელი ამერიკელები ქუჩებში ცეკვავდნენ და კასტროს გარდაცვალებას და მისი ხელისუფლებაში ყოფნის ოფიციალურ დასასრულს აღნიშნავდნენ.

კასტრო მდიდარ ოჯახში, ქალაქ საინტიაგოსთან ახლოს გაიზრდა. სახელმწიფო გადატრიალება კასტრომ პირველად 1953 წელს სცადა, რომელიც წარუმატებლად დამთავრდა. მეორე მცდელობის დროს კი მან პრო-ამერიკული პრეზიდენტის ფულხენსიო ბატისტას ხელისუფლების დამხობა შეძლო. კასტრომ ქვეყანაში სოციალისტური რეჟიმი დაამყარა, რომელიც ვაშინგტონის წინააღმდეგ იბრძოდა და საბჭოთა კავშირის მოკავშირე იყო.

2006 წელს, კასტრომ ხელისუფლება მის ძმას გადასცა, მიუხედავად ამისა, ის ბოლო დრომდე არაფორმალურად მართავდა ქვეყნას.

XS
SM
MD
LG