ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპს რუსეთის კრიტიკისკენ და მოკავშირეების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ


დემოკრატიული პარტიის სენატორი ბენ კარდინი

დემოკრატიული პარტიის სენატორი ბენ კარდინი

პუტინის რუსეთი, წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას უგულვებელყოფს, არღვევს საკუთარი მოქალაქეების უფლებებს და ძალაუფლების კონსოლიდაციას ახდენს, ის სასიკვდილოდ იმეტებს უკრაინელებს, სირიელებს, აგრესიას აგრძელებს საქართველოში, ჩაერია ამერიკის საარჩევნო პროცესში-ყველაფერ ამისთვის ჩვენ მას მკაცრი სიგნალი უნდა გავუგზავნოთ და ვთქვათ, რომ ამ ნაბიჯებს შედეგი მოჰყვება,-განაცხადა ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გავლენიანმა დემოკრატმა სენატორმა ბენ კარდინმა. მან დასძინა, რომ ამერიკის კონგრესის დიდი ნაწილი შეაშფოთა კანდიდატ დონალდ ტრამპის რუსეთთან შემრიგებლურმა განცხადებებმა. მან მოუწოდა პრეზიდენტ ტრამპს კარგად გააცნობიეროს ვინ არის ამერიკის მტერი და მოკავშირეებს კი გვერდში დაუდგეს რუსეთის აგრესიისგან დასაცავად:

რუსეთი ჩვენი მტერია. ამ აზრს სენატში წამყვანი დემოკრატები და რესპუბლიკელები იზიარებენ

ბენ კარდინი: "იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ტრამპი, როცა ის რუსეთის მიმართ პოლიტიკის შემუშავებას დაიწყებს, მოუსმენს ჩვენი დაზვერვის და უშიშროების სამსახურებს. რუსეთი ჩვენი მტერია. ამ აზრს სენატში წამყვანი დემოკრატები და რესპუბლიკელები იზიარებენ, პირობას გაძლევთ, ვიმუშავებ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მაგრამ მე მის პოლიტიკას გავაკონტროლებ და თუ ეს პოლიტიკა ჩვენს ღირებულებებში არ ჯდება, ხმასაც ამოვიღებ."

დონალდ ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის შეფასება უჭირს უილიამ კორტნის, ამერიკის ყოფილ ელჩს საქართველოში და ამჟამად, ვაშინგტონში რენდის კორპორაციის ექსპერტს. ის დარწმუნებულია, რომ ჩართულობა რუსეთთან იქნება, სწორედ არსებული რთული საკითხების გადასაწყვეტად:

უილიამ კორტნი

უილიამ კორტნი

უილიამ კორტნი: "რთულია წინასწარ ითქვას როგორი იქნება პრეზიდენტის დამოკიდებულება ნატოს პარტნიორებთან, რუსეთთან ან კავკასიის ქვეყნებთან. მნიშვნელოვანია მოსკოვთან ვისაუბროთ უკრაინის, სირიის, კავკასიაში მიმდინარე საკითხებზე, ასევე კიბერ უსაფრთხოებაზე, ამერიკის პოლიტიკურ სისტემაში-არჩევნებში-რუსეთის ჩარევის ფაქტებზე, თუმცა კონკრეტული პოლიტიკის წინასწარ განსაზღვრა, ჩემთვის რთულია. ვვარაუდობ, რომ როგორც ყველა წინა ადმინისტრაცია-ის რადიკალურად არ შეცვლის მთავარ მიმართულებებს."

მნიშვნელოვანია მოსკოვთან ვისაუბროთ უკრაინის, სირიის, კავკასიაში მიმდინარე საკითხებზე, ასევე კიბერ უსაფრთხოებაზე.

შეერთებული შტატების მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს შედგება. მანამდე, კი არჩეული პრეზიდენტი ადმინისტრაციის დაკომპლექტებას ახდენს. ექსპერტების აზრით, ის, თუ ვის შეარჩევს იგი წამყვან პოსტებზე, დიდწილად განსაზღვრავს პრეზიდენტის მიდგომას ამა თუ იმ საკითხში.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG