ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წინააღმდეგობრივი შეფასებების მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა წერილობით განცხადებაში ამბობს, რომ ბრიტანეთის რეფერენდუმის (ბრექსიტის) გადაწყვეტილებას პატივს სცემს და რომ ეს გავლენას არც ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობაზე, არც ევროკავშირთან ამერიკის დამოკიდებულებაზე მოახდენს.

ბრიტანელთა გადაწყვეტილებამ ევროკავშირიდან გასვლის შესახებ პოლიტიკოსებს და ანალიტიკოსებს უამრავი თავსატეხი გაუჩინა. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი კითხვაა ის, თუ რა ბედი ეწევა ევროპის კავშირს მომავალში, მიბაძავენ თუ არა ბრიტანელებს და დატოვებენ თუ არა ევროკავშირს სხვა წევრი ქვეყნები?

“რაც არ მოგკლავს, უფრო გაგაძლიერებს” - განაცხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა. მისი თქმით, ევროპის კავშირის დარჩენილი 27 წევრი ერთობის შენარჩუნების ერთგულია. მაგრამ ტუსკი იმასაც აღიარებს, რომ მომხდარი ფაქტი სერიოზულ ანალიზს საჭიროებს და ევროკავშირის ფუნქციონირების მეთოდებზე დაფიქრება აუცილებელია.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვალტერ შტაინმაიერი ამბობს, რომ დღევანდელი დღე “ბრიტანეთის და ევროპის კავშირისთვის სევდით სავსეა”. მის პოზიციას ევროპის ქვეყნების მემარჯვენეები არ იზიარებენ. საკუთარ ქვეყნებში ისინი რეფერენდუმის ჩატარებას “ბრექსიტამდეც” მოითხოვდნენ. მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ჰოლანდიაში და შვედეთშიც. ბრიტანელთა გადაწყვეტილებას საფრანგეთის ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკოსი მარინ ლე-პენი “თავისუფლების გამარჯვებას” უწოდებს.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმმა კითხვის ნიშნის ქვეშ არამარტო ევროპის კავშირის, არამედ თავად ბრიტანეთის ერთობის შენარჩუნებაც დააყენა. შოტლანდიელი ნაციონალისტები აცხადებენ, რომ დამოუკიდებლობის თაობაზე სავარაუდოდ ახალ რეფერენდუმს მოაწყობენ. შოტლანდიამ ევროკავშირში დარჩენას 62 პროცენტით, დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი. მსგავსი განწყობებია ჩრდილოეთ ირლანდიაშიც.

XS
SM
MD
LG