ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას $175 მილიონით დაეხმარება, კონგრესს კი ახალი პაკეტის დამტკიცებას სთხოვს


6 დეკემბერს შეერთებულმა შტატებმა განაცხდა, რომ უკრაინას რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად, ქვეყნისა და თავისუფლების დასაცავად, დამატებითი დახმარების სახით 175 მილიონ დოლარს მიაწვდის. პარალელურად, ამერიკის პრეზიდენტმა კონგრესის წევრ რესპუბლიკელებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, უკრაინას სამხედრო დახმარების პაკეტი დროულად დაუმტკიცოს.

ჯო ბაიდენმა კანონმდებლები გააფრთხილა, რომ რუსეთის გამარჯვება უკრაინაში ნიშნავს იმას, რომ მოსკოვი ნატოს წევრ ქვეყნებზე თავდასხმის პოზიციაში იქნება. „თუ პუტინი უკრაინას დაიპყრობს, ის იქ არ გაჩერდება“, - თქვა მან.

ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის შემდეგ თავს დაესხმება ნატოს მოკავშირე სახელმწიფოს, რის შემდეგაც ამერიკული ჯარი რუსეთის ჯარის პირისპირ ბრძოლაში აღმოჩნდება. "ჩვენ პუტინს გამარჯვების უფლებას ვერ მივცემთ", - თქვა პრეზიდენტმა.

რაც შეეხება უკრაინის მხარდაჭერის ახალ პაკეტს, ის იყენებს იმ შეზღუდულ რესურსებს, რომლებიც ხელმისაწვდომი რჩება უკრაინის დასახმარებლად. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, პაკეტი უზრუნველყოფს 175 მილიონ დოლარამდე იარაღსა და აღჭურვილობას, ადრე გამოყოფილი მიზნობრივი დახმარების პირობებით. ესაა ერთ-ერთი ბოლო დახმარება, რაც ამერიკას შეუძლია ახალი პაკეტის დამტკიცებამდე უკრაინას მიაწოდოს.

ის მოიცავს საჰაერო თავდაცვისთვის საჭირო საბრძოლო მასალებს, დამატებით საბრძოლო მასალას მაღალი მობილურობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემებისთვის, თუ საარტილერიო საბრძოლო მასალისთვის. დახმარებაში აგრეთვე შედის ანტირადიაციული რაკეტები, ჯავშანტექნიკის საწინააღმდეგო რაკეტები და სხვა მცირე შეიარაღება თუ აღჭურვილობა, რაც ეროვნული თავდაცვისთვისაა კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მათ შორის ასევე სახელდება: ინფრასტრუქტურისთვის და ამ ტექნიკისთვის აუცილებელი სათადარიგო ნაწილები, დამხმარე აღჭურვილობა, მომსახურება, ტრენინგი და ტრანსპორტირება.

"ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს ამ ომს თავისი სასტიკი თავდასხმების შეწყვეტით და საკუთარი ძალების გაყვანით უკრაინიდან, შეერთებული შტატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან განაგრძოს იმ კოალიციის ხელმძღვანელობა, რომელიც ჩვენ შევქმენით 50-ზე მეტი ქვეყნისგან, რომლებიც მტკიცედ დგანან უკრაინის გვერდით", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG