ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აზერბაიჯანი სომხეთს სტრასბურგში უჩივის


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სტრასბურგში, საფრანგეთი
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სტრასბურგში, საფრანგეთი

ბაქომ ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საჩივარი შეიტანა. აზერბაიჯანი სომხეთს, მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების საფუძველზე, ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს და ვერდიქტს სტრასბურგისგან ითხოვს.

განცხადება 8 თებერვალს აზერბაიჯანის პარლამენტის იურიდიული საკითხების კომიტეტის წევრმა ქამალ ჯაფაროვმა გააკეთა. მისი თქმით, ბაქო ერევანს პასუხს სთხოვს მთიანი ყარაბაღის და გარშემო ტერიტორიების თითქმის 30-წლიანი ოკუპაციის და შარშან შემოდგომაზე, 44-დღიან კონფლიქტში ჩადენილი დანაშაულების გამო.

აზერბაიჯანი სომხეთს იმაშიც ადანაშაულებს, რომ ერევანმა არ მიიღო ზომები 3 800-მდე ეთნიკური აზერბაიჯანელის ბედის დასადგენად. ისინი 1990-იანი წლების მთიანი ყარაბაღის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან.

სტრასბურგში წარდგენილი საჩივრის მიხედვით, აზერბაიჯანი აცხადებს, რომ სომხეთმა, კონფლიქტის ზონის მახლობლად მდებარე აზერბაიჯანული ქალაქები, ბალისტიკური რაკეტებით, თეთრი ფოსფორის საბრძოლო მასალით და კასეტური ჭურვებით დაბომბა.

ბაქოს ცნობით, ამ დაბომბვების შედეგად 93 სამოქალაქო პირი დაიღუპა. მათ შორის 12 ბავშვი და 28 ქალია. ამას გარდა, 423 სამოქალაქო პირი დაშავდა, დაზიანდა 264 ბინა და 9 294 კერძო სახლი.

აზერბაიჯანის მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯზე სომხეთს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

მთიანი ყარაბაღი საერთაშორისო კანონმდებლობით, დე-ფაქტო აზერბაიჯანს ეკუთვნის. თუმცა, საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, ტერიტორიას და მის მოსაზღვრე შვიდ რაიონს 2020 წლამდე სომხეთი აკონტროლებდა.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მცირე შეტაკებებს ხშირად ქონდა ადგილი. თუმცა, 2020 წლის სექტემბერში, აზერბაიჯანმა ფართომასშტაბიანი სამხედრო იერიში წამოიწყო. სამხედრო მოქმედებების შედაგად, ბაქომ მთიანი ყარაბაღის და მისი მოსაზღვრე რაიონების უდიდეს ნაწილზე კონტროლი დაიბრუნა.

მხარეებმა შეთანხმებას 10 ნოემბერს, რუსეთის შუამავლობით მიაღწიეს. ხელშეკრულების თანახმად, კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი ჩადგა.

დღეს მთიანი ყარაბაღის რეგიონში მოსკოვს 2 000-კაციანი სამშვიდობო ძალები ჰყავს განთავსებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG