ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავტორიტარიზმის საფრთხე და ციანიდით მოწამლული საზოგადოება


"რადიო თავისუფლების" ფოტო
"რადიო თავისუფლების" ფოტო

საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც მმართველი გუნდის, ოპოზიციას, საერთაშორისო ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის მუდმივი დავის ფონზე განიხილება, დავა სასამართლო სისტემის სამართლიანად ჩამოყალიბებისთვის, ხმაურიანი გამოსვლები, აქციები და უკიდურესი ვნებათაღელვა საზოგადოებრივი მაუწყებლის რეაბილიტაციის საკითხზე, თავისუფალი მედიის წინაშე აღმოცენებული უმნიშვნელოვანესი გამოწვევები და რუსთავი 2–ის საქმე, რომელიც თითქმის ყველა საერთაშორისო რეკომენდაციაში ხვდება, ეკლესიაში არსებული კრიზისი, გაურკვევლობა, კრიმინალი და დაპირისპირება პარალელურ რეჟიმში, მასთან დაკავშირებული ვნებათაღელვა და აპათიური ფონი, ლოკალური სოციალური აფეთქებები, უმუშევრობა და შრომის არასათანადო პირობები, დისკრედიტებული და დასუსტებული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ვერ ახერხებენ გაძლიერებასა და ალტერნატიულ ძალად წარმოჩენას, პრეზიდენტის ინსტიტუტი კი როგორც უკანასკნელი გამაგრებული პუნქტი, დაცემამდე და ამ ყველაფრის ფონზე საგარეო ფაქტორები: აგრესიული და გაძლიერების გზაზე დამდგარი რუსეთი და რუსული ინტერესები – ეს გახლავთ ჩამონათვალი კრიზისებისა, რასაც ერთდროულად აქვს ადგილი დღევანდელ საქართველოში.

რა შეიძლება აღმოჩნდეს არსებული ვითარების გაგრძელება, რამდენადაა შესაძლებელი ქართული დემოკრატიის კიდევ უფრო დასუსტება ამგვარ კრიზისულ ფონზე, ამის შესახებ ამერიკის ხმამ მოსაზრებები ჩაწერა.

პოლიტოლოგი, ჯიპას პროფესორი თორნიკე შარაშენიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ყველა პრობლემა ფორმალური მმართველობის არსებობიდან გამომდინარეობს:

„ეს ყველაფერი ჰგავს კრიზის, მაგრამ ეს კრიზისი უფრო ურტყამს ხელისუფლებას, რადგან უამრავი მსგავსი თემა, რომელიც კომიკურ ხასიათსა და შინაარსს იღებს, აზარალებს, საბოლოო ჯამში ხელისუფლებას და იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას. მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველანი ახლა არიან ჩავარდნილი ჭაობში, ფართხალებენ და სულ უფრო და უფრო ეფლობიან. პატრიარქის მოწამვლის საქმეზე – ფართხალი, საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმეზე – ფართხალი, რუსთავი 2–ზე –ფართხალი, საკონსტიტუციო რეფორმებზე –ფართხალი, სასამართლოზე – ფართხალი. ხელისუფლების მთავარი შეცდომა იყო არაკომპეტენტური ადამიანების შეყვანა პარლამენტში და ენის შეუბრუნებლად შესრულება იმ დირექტივების, რაც მოდის მხოლოდ ერთი ადამიანისგან. თან ეს ადამიანი ძალიან ცოტა ვინმეს ხვდება და გუნდთან კომუნიკაცია არ აქვს, რაც კიდევ უფრო აღრმავებს პრობლემას.“

ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის სამხრეთ კავკასიის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლევან ცუცქირიძე ამერიკის ხმასთან ამბობს: „საქართველო დღეს მნიშვნელოვანი შიდა და საგარეო გამოწვევების წინაშე დგას. მაგალითად, რამდენად მოახერხებს „ქართული ოცნება“ გახდეს ნამდვილი დემოკრატიული პარტია და მის მიმართ მინიჭებული ნდობა, რაც გამოიხატება მისთვის საკონსიტიტუციო უმრავლესობის მინიჭებით, გამოიყენოს პასუხისმგებლობით და არა როგორც პოლიტიკური იარაღი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ან საკუთარი სამომავლო წინასაარჩევნო მიზნებისთვის. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, ესაა ოპოზიციის ფრაგმენტაცია, რაც საქართველოს დემოკრატიისთვის, პოლიტიკური განვითარებისთვის კარგი არ არის. ვფიქრობ, ნებისმიერ ხელისუფლებას, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, რაც არ უნდა მაღალი ლეგიტიმაცია, მაღალი მანდატი ჰქონდეს მინიჭებული მოსახლეობისგან არჩევნებზე, სჭირდება პოლიტიკური ოპოზიცია. ეს სჭირდება ქვეყანას, რადგან ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ შეძლებს წარმოადგინოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესები.“

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ავტოკრატიის გზას დაადგა და მანამდე ყველა ინსტიტუტის განადგურება აქვს გადაწყვეტილი.

„ქართული საზოგადოება იყო ამ ციანიდის სამიზნე და მოწამლა კიდევ, ციანიდმა თავისი ფუნქცია შეასრულა. მასობრივ მოწამვლასთან გვაქვს დღეს საქმე, არა თუ ერთი პირიოვნების. ბოლო დარჩენილ კუნძულზე, პრეზიდენტის ინსტიტუტზე შეტევა დღეს ისეთ აბსურდამდე მივიდა, რომ უშიშროების საბჭოს სახე უნდა შეუცვალონ და მხოლოდ ომიანობის შემთხვევაში უნდა შეიკრიბოს. აბსურდამდე მიდის საქმე. ომის ღმერთად ნიშნავენ პრეზიდენტს, რომელსაც რეალურ სამყაროსთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს, რადგან ვიღაცას ის აღიზიანებს. რაციონალურ ჩარჩოებში ამის განთავსება შეუძლებელია. საბოლოო ჯამში ჩვენ ვარკვირდებით ახლა სახელმწიფოებრივი და არასახელმწიფოებრივი ინსტიტუტების რღვევას, სრულ კოლაფსს,“– აცხადებს გია ხუხაშვილი და საუბარს ავტორიტარიზმის საფრთხეზე აგრძელებს:

„ფაქტობრივად, ცოცხალი ადგილი აღარ დარჩა, აღარ დარჩა არც ერთი ავტორიტეტი, რამაც შეიძლება სტაბილურობა შესძინოს სისტემას. ეს დამახასიათებელია სუსტი ლიდერებისთვის. სუსტი ლიდერები კი თავის მხრივ, მიდრეკილნი არიან ავტორიტარიზმისკენ, რადგან როდესაც ვერაფერს ქმნი, ცდილობ ნეგატიური ინსტრუმენტებით შეინარჩუნო ძალაუფლება. აი, ამ პროცესში ვიმყოფებით ახლა. ჯერ ამას დასრულებული სახე არ აქვს, ჩვენდა საბედნიეროდ და ჰუმანურობის ელემენტები ხელისუფლებაში ჯერ კიდევ გვაქვს. სისუსტე ჯერ კიდევ არ გადასულა ისეთი ხარისხით გაბოროტებაში, რომ მისი აგრესიული ქმედებებით შენიღბვა დაიწყოს, მაგრამ ვითარება საკმაოდ დრამატულია უკვე. სამწუხაროდ, ავტორიტარიზმის გარდა, სხვა გზა აღარ დარჩება.“

საქართველოში არსებული კრიზისული ფონის სიმძიმეს ხელისუფლების წარმომადგენლები არ იმჩნევენ.

XS
SM
MD
LG