ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბათუმში ვიზიტის დეტალები


აშშ განაგრძობს რუსეთის დარწმუნებას საქართველოს კონფლიქტური რეგიონებიდან სამხედრო ნაწილების გაყვანის აუცილებლობაში

საქართველოში ვიზიტით მყოფმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია განაგრძობს რუსეთის დარწმუნებას საქართველოს კონფლიქტური რეგიონებიდან სამხედრო ნაწილების გაყვანის აუცილებლობაში. ჰილარი კლინტონი საქართველოს ლიდერებს ბათუმში შეხვდა და მათთან თავდაცვის, დემოკრატიისa და ინვესტიციების საკითხებზე ესაუბრა.

„ჩვენ ვუარყოფთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას და მილიტარიზაციას და მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, რომელიც ასევე მოიცავს სამხედრო ძალების კონფლიქტამდელ პოზიციებზე დაბრუნებას და ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებლად შესვლას,“ - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან შეხვედრისას ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალი კონსოლიდირებული დემოკრატიაა.

„ახლა უკვე საქართველოზეა, რომ დემოკრატიული მონაპოვარის კონსოლიდირება მოახდინოს. ეს საქართველოს მომავლისთვის უმთავრესია. ეს საქართველოს დაახლოვებს მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან. შემოდგომაზე საპარლამენტო და მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნები არის საქართველოს შანსი გააძლიეროს დემოკრატია და დემოკრატიული ინსტიტუტების ლეგიტიმურობა,“ - აღნიშნა, კლინტონმა.

სახელმწიფო მდივანმა საქართველოს ეკონომიკურ მიღწევებზეც ისაუბრა.

„საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, ეკონომიკური რეფორმების ჩათვლით, საერთაშორისო აღიარება გააჩნია და გლობალური ბიზნესის რეიტინგებში მზარდ ადგილს იკავებს. რამდენადაც საქართველო გააგრძელებს ეკონომიკური შესაძლებლობის განვითარებას, გამჭვირვალობას და კანონის უზენაესობის დამკვიდრებას, თქვენ ნახავთ ეკონომიკაში ინვესტიციების დაბანდების ძალზედ დიდ ინტერესს,“ - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

XS
SM
MD
LG