ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუანტანამოს გახსნიდან 10 წელი გავიდა


გუანტანამოს გახსნიდან 10 წელი გავიდა
გუანტანამოს გახსნიდან 10 წელი გავიდა

პრეზიდენტი ბარაკ ობამა თავის დროზე ამერიკელებს შეჰპირდა,რომ გუანტანამოს საპყრობილეს აუცილებლად დახურავდა, თუმცა კონგრესმა ამ წინადადებას მხარი არ დაუჭირა.

გუანტანამოს საპყრობილის გახსნიდან 10 წლის შემდეგ, თეთრი სახლის წინ შეკრებილი ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფები პრეზიდენტ ობამას ციხის დახურვისკენ მოუწოდებენ.

ვაშინგტონის წვიმიან ამინდში პენსილვანიის გამზირზე ასობით დემონსტრანტი მიაბიჯებს. პატიმრის ყვითელ უნიფორმაში ჩაცმული აქციის მონაწილეები იმ 171 დაკავებულს უცხადებენ სოლიდარობას, ვინც დღესდღეობით გუანტანამოს ციხის საკნებში ზის.

ტომ პარკერი ორგანიზაცია "საერთაშორისო ამნისტიის" წევრია:

„ათი წელია გუანტანამოს ციხე ფუნქციონირებს და მისი არსებობით დიდად არაფერი შეცვლილა. გართულებული შიდა პოლიტიკის წყალობით, ეს საპყრობილე დღემდე ღიაა და რეალურად ამის მიზეზი არავინ იცის. ჩემი აზრით, გუანტანამოს ციხე ამერიკის ღირსებას ლახავს“

10 წლის განმავლობაში გუანტანამოს საპყრობილეში წინასწარი დაკავების პერიოდი 780-მა ადამიანმა გაიარა.

ციხის არსებობის მოწინააღმდეგეთა აზრით, ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიშროებას გუანტანამოს საპყრობილის არცერთი დაკავავებული არ წარმოადგენს .

აქციის მონაწილე დენ ბარგევინი პროტესტის გამოხატვის ნიშნად, თეთრი სახლის წინ სპეციალურ საკანში ცხოვრობს:

„გუანტანამოს ციხეში დაკავებულთა უმეტესობა სასჯელს მოელის და ოჯახისგან მოშორებით ბრალდების გარეშე ციხეში რჩება. ვერ ვხვდები, რაშია საჭირო ეს ყველაფერი და რომელ ამერიკელს მოსწონს მსგავსი დამოკიდებულება?“

ათი წლის წინ 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების შემდეგ გუანტანამოს საპყრობილეში პირველი დაკავებულები მოათავსეს. დღეს 2012 წლის დასაწყისში, თეთრი სახლის წინ შეკრებილ დემონსტრანტებს ხელში გუანტანამოს სატუსაღოს დაკავებულთა ფოტოები უჭირავთ. ეს ადამიანები ტერორიზმის წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლის საფუძველზე დააკავეს და არავინ იცის, გუანტანამოს ციხის კედლებს მიღმა, მათ მიმართ დაკითხვის რა მეთოდებს იყენებენ.

თუმცა გუანტანამოს საპყრობილის მხარდამჭერთა აზრით, დაკავებულები "ჰიბრიდულ მებრძოლებს" წარმოადგენენ და მათი ციხეში ყოფნა უსაფრთხოების გარკვეულ გარანტიებს იძლევა.

„ადამიანის დაკავება მის დასჯას არ გულისხმობს. დაკავების მიზანია, შეიარაღებული კონფლიქტი თავიდან აირიდო. მაგრამ თუ საკუთარ პასუხიმგებლობას გადაამეტებ, მტრის დამარცხებისთვის ბრძოლის პროცესში უამრავ ახალ მტერს შეიძენ“ - ამბობს ჰერითიჯის ფონდის სამართალმცოდნე კალი სტიმსონი.

წინასწარ დაკავების სატუსაღოს ყოფილ პატიმრებს გუანტანამოში გატარებული დრო მძიმედ აგონდებათ და მას კაცობრიობის ისტორიაში ჰუმანურობის სამარცხვინო ფურცლად მიიჩნევენ.

მოაზამ ბეგმა გუანტანამოს საპყრობილეში ორი წელი გაატარა:

„ ჩემთვის ის წლები ტრაგედიას, ტანჯვას და ოჯახისგან მოშორებით ცხოვრებას უკავშირდება.“

პრეზიდენტი ბარაკ ობამა თავის დროზე ამერიკელებს შეჰპირდა, რომ გუანტანამოს საპყრობილეს აუცილებლად დახურავდა, თუმცა კონგრესმა ამ წინადადებას მხარი არ დაუჭირა.

კონგრესმენის ჯიმ მირანის აზრით, შეერთებულ შტაეტბში პოლიტიკური სიტუაცია ამჯამად ძალზე დაძაბულია:

„ ამ მდგომარეობიდან ორი გამოსავალი არსებობს: ან ამერიკის საზოგადოება დემოკრატიული განვითარების პროცესს ფეხს აუწყობს და რეალობას გააპროტესტებს ან არაფერი შეიცვლება და ყველაფერი ძველებურად დარჩება.“

გუანტანამოს საპყრობილის კარის შეხსნის შემდეგ უკვე 10 წელი გავიდა, მაგრამ შეერთებულ შტატებში მოქალაქეები სატუსაღოს ფუქციონირებას დღემდე აპროტესტებენ.დღემდე არ სცემს კონკრეტულ პასუხს მათ მთავრობა და არავინ იცის, დაიხურება თუ არა საპყრობილე უახლოეს მომავალში.

XS
SM
MD
LG