ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინის ექვსწლედი


7 მაისს ვლადიმირ პუტინი ევროპის უძლიერეს ეკონომიკას ჩაიბარებს

7 მაისს რუსეთის პრეზიდენტის პოსტს ვლადიმირ პუტინი ოფიციალურად დაიკავებს და ევროპის ყველაზე ძლიერ ეკონომიკას ჩაიბარებს. თუმცა, თავად რუსეთში მას მოუწევს ანგარიში გაუწიოს შეცვლილ პოლიტიკურ რეალობას. კერძოდ, ეს არის უკეთესად ინფორმირებული რუსი მოსახლეობა, რომელიც სწავლობს ხელისუფლებასთან წინააღმდეგობას. რას ფიქრობენ ანალიტიკოსები პუტინის მესამე ვადით გაპრეზიდენტების შესახებ, „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯეიმს ბრუკი მოსკოვიდან არკვევდა.

ორშაბათიდან ვლადიმირ პუტინი ევროპის უძლიერეს ეკონომიკას ჩაიბარებს. ევროპისგან განსხვავებით, სამთავრობო ბიუჯეტი დაბალანსებულია. დავალიანების, ინფლაციის და უმუშევრობის მაჩვენებელი შესაშურად დაბალია. ქვეყნის რეზერვები კი საკმაოდ ძლიერი. ეკონომიკის ზრდა 4 პროცენტს აღემატება, რაც სამჯერ მეტია დასავლეთ ევროპის ეკონომიკურ ზრდაზე. თუმცა, ამ აღმავლობის ძირითადი საფუძველი ნავთობზე და გაზზე მაღალი ფასებია.

ანდერს ასლუნდი საერთაშორისო ეკონომიკის პეტერსონის ინსტიტუტში რუსეთის სპეციალისტია. ის ამბობს, რომ პუტინს რუსეთის ეკონომიკის დივერსიფიცირება მოუწევს, რათა ნავთობზე ფასის ვარდნის შემთხვევაში ქვეყნის განვითარება გადაარჩინოს:

„მომავალ ორ წელიწადში ნავთობზე ფასი პიკს მიაღწევს. ამის შემდეგ ფასი შემცირდება. რაც იმას ნიშნავს, რომ მას თანხების დაზოგვა მოუწევს.“

გლებ პავლოვსკი კრემლის ყოფილი მრჩეველია. მისი თქმით, პუტინს განსხვავებული რუსეთის მართვა მოუწევს, ვიდრე ეს 2008 წელს იყო, როდესაც მან პრეზიდენტის სავარძლიდან პრემიერ-მინისტრის პოსტზე გადაინაცვლა:

„რუსეთი აღარ არის ვირტუალური მონარქია. გასული ზამთრის ქუჩის საპროტესტო აქციებმა პუტინის უცდომელობის ილუზია დაანგრია.“

აქციების შედეგად, პრეზიდენტმა მედვედევმა პოლიტიკური რეფორმების დაწყება გამოაცხადა. ერთერთი რეფორმა, რომელიც გუბერნატორების პირდაპირ არჩევას ითვალისწინებდა შეიცვალა და კრემლს საგუბერნატორო კანდიდატებზე ვეტოს გამოყენების უფლება მიენიჭა. მეორე რეფორმამ, რომელიც პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის გამარტივებას გულისხმობდა, ოპოზიციური პარტიების წვრილ-წვრილ ორგანიზაციებად დაშლა გამოიწვია. კონსტანტინ ვონ ეგერტი სახელმწიფო მედიასააგენტოს „რია-ნოვოსტის“ მწერალი ჟურნალისტია. მას სჯერა, რომ სამოქალაქო მოძრაობები რუსეთში უფრო ღია პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს:

„ამჟამინდელი საპროტესტო აქციების ტალღა, 2006-2009 წლებში რუსეთში საქველმოქმედო და მოხალისეთა მოძრაობების გაზრდის შედეგია, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში. მათ არ ქონდათ პოლიტიკაში ჩაბმა განზრახული. ისინი ამბობდნენ, რომ უბრალოდ ეხმარებოდნენ ხანძრისგან დაზარალებულ ადამიანებს, მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს, უსახლკარო ადამიანებს,“ - ამბობს ეგერტი.

აპრილში ვლადიმირ პუტინი პრემიერ-მინისტრის რანგში სახელმწიფო დუმის წინაშე ბოლოჯერ წარსდგა. როდესაც მან მერობის კანდიდატის შიმშილობის აქციის შესახებ დაიწყო საუბარი, ოპოზიციონერი დეპუტატების ჯგუფმა დარბაზი დატოვა. ორი კვირის წინ მოშიმშილე კანდიდატმა აქცია შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ქალაქ ასტრახანში მერის არჩევნების დროს დაშვებული დარღვევები აღიარა. ამავდროულად, ბოლო ორი თვეში რუსეთის სამ მსხვილ ქალაქში მერის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

რამდენად შეძლებს ვლადიმირ პუტინი ამ ახალ რეალობასთან შეგუებას?

„ვლადიმირ პუტინი ერთერთი ყველაზე უფრო მოქნილი პოლიტიკოსია. მაგრამ თუ ის ვერ შეძლებს ახალი პარტნიორული და პოლიტიკური კონსენსუსის დამყარებას, რუსეთი რამდენიმე წელიწადში პოლიტიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდება,“ - ამბობს გლებ პავლოვსკი.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კორუფციაა. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებში რუსეთმა ნიგერიასთან ერთად 143-ე ადგილი დაიკავა. ამ პრობლემის დაძლევასთან ერთად, პუტინმა თავისი 6 წლიანი პრეზიდენტობის პერიოდში პასუხი უნდა გასცეს უმთავრეს შეკითხვას - შეუძლია თუ არა მას ღია და გამჭვირვალე საზოგადოების ხელმძღვანელობა.

XS
SM
MD
LG