ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფიქრობს თუ არა პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრობაზე?


როგორ აიხსნება სააკაშვილის ორი ურთიერგამომრიცხავი განცხადება პარიზში?

პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტი საფრანგეთში, საქართველოს შიდაპოლიტიკისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანი, ორი, ურთიერთგამორიცხავი განცხადებით აღინიშნა.

5 ივნისს გავლენიანი ფრანგული გაზეთის "ლე მონდის" ჟურნალისტის კითხვაზე: აქვს თუ არა სურვილი, პუტინის მსგავსად, საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავოს ?, პრეზიდენტმა უპასუხა, ციტატა - „მიფიქრია ასეთ შესაძლებლობაზე, მაგრამ ჯერ ძალიან ბევრი რამ გაურკვეველია“.

ორი დღის შემდეგ, ფრანგული გაზეთის "20 minutes" იგივე კითხვაზე, პრეზიდენტი უკვე ასეთ პასუხს იძლევა, ციტატა - „მე ეს არ მიგულისხმია, პუტინის სცენარი საქართველოში შეუძლებელია“. სააკაშვილის მწვავე პოლიტიკური ოპონენტი, რესპუბლიკურ პარტიის ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ამბობს:

"რა თქმა უნდა, ეს განცხადება მან (სააკაშვილმა) გააკეთა. და, ეს ნიშნავს, რომ საქართველო პუტინისგან შორს არ არის, აზროვნებით ყოველ შემთხვევაში. ის (სააკაშვილი) ფიქრობს პრემიერ-მინისტრობაზე, მაგრამ დარწმუნებული არ არის...

ფრანგები, რა თქმა უნდა იმ წუთას ,მიუხვდნენ, რომ ეს განცხადება მაინც და მაინც კორექტული არ იყო და ამიტომ, შემდეგ ინტერვიუში გაასწორა, რომ საქართველოში ეს არ მოხდება (ძალაუფლების გადაცემა პუტინის სცენარით), იმიტომ, რომ საქართველო არ არის რუსეთი, საქართველო თავისუფალი ქვეყანააო. აი ასე გაასწორა, თავისი ინტერვიუს, ეს უაღრესად, უხერხული ნაწილი.

მე ვფიქრობ, რომ მას, საერთოდ არ უნდა პოლიტიკიდან წასვლა, არასოდეს; უბრალოდ, ის, როცა ამაზე ფიქრობს, დაახლოებით, ისევე, როგორც დასაპატიმრებელი კაცი პატიმრობაზე, ჰგონიათ, რომ მერე ყველაფერი მთავრდება. ანუ, რეალურად არ ესმის, რას გააკეთებს, ხელისფლებიდან წასვლის შემდეგ, ამიტომ არ უნდა წასვლა."

ნაციონალურმა სატელევიზიო არხებმა, რომლებიც პარიზში პრეზიდენტის ვიზიტს ძალიან დიდ დროს უთმობენ, ამ დელიკატურ თემას საერთოდ აუარეს გვერდი. პარტიის ლიდერის, ნაადრევი, გულახდილი აღიარებისთვის, მოუმზადებელი აღმოჩდნენ მმართველ, "ნაციონალურ მოძრაობაშიც". საპარლამეტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, პარლამენტარმა ლაშა თორდიამ კერძოდ თქვა:

"როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები სამომავლოდ, ეს არის მომავლის საქმე, და ამათან დაკავშირებით,, შემდეგ იქნება მსჯელობა. ამ ეტაპზე, ამ საკითხბზე რაზედაც, გადაწყვეტილება არ არის მიღებული, მსჯელობა ნაადრევად მეჩვენება".

ქართულ და მსოფლიო საზოგადოებას დიდი ხანია ვაფრთხილებ ამ შესაძლო სცენარის შესახებ; ეს ხელისუფლება არსად წასვლას არ აპირებს არც 2013-ში და არც 2033 - ში - ეს ფრთნიანი გამონათქვამი პარლამენტის ყოფილი თავჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს ეკუთვნის, პრეზიდენტის "ლე მონდისთვის" მიცემულ ინტერვიუს ის პირველი გამოეხმაურა. ამ მოსაზრებას იზიარებს, გაზეთ "24 საათის" გამომცემელი პაატა ვეშაპიძე. რევოლუციის შემდეგ, "24 საათი" პრეზიდენტის პოლიტიკის მხარდამჭერად ითვლება.

"სრულიად ფუჭია, მისი (სააკაშვილის) ოპენენტების ფიქრები იმის თაობაზე, რომ ის დატოვებს საქართველოს და სადმე თბილ ადგილს იშოვნის, რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში;

მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილი, ფიქრობს დარჩეს ქართულ პოლიტიკაში. რასაკვირველია ფიქრობს დარჩეს წამყვან პოზიციებზე; შესაძლოა, ეს იყოს პრემიერ მინისტრის თანამდებობა, მით უმეტეს, რომ სულ მალე, ალბათ, საქართველოს კონსტიტუცია შეიცვლება და პრემიერ-მინისტრი ძალიან სერიოზული ფიგურა ხდება, გაცილებით უფრო სერიოზული ვიდრე პრეზიდენტი.

მაგრამ, მე მაინც მგონია, რომ ეს სცენარი საქართველოში არ განვითარდება და სააკაშვილი ეცდება, წამყვანი პოზიციების მოპოვებას უფრო ფუნქცია გაზრდილ პარლამენტში, რომელიც ახალი კონსტიტუციით, ასევე ძალიან სერიზულ ორგანოდ იქცევა."

2010 წლის ივნისის ბოლოს, საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომიასია ვენეციიდან დასკვნას ელოდება. ვენეციის კომისიის ექსპერტები უკვე ერთი თვეა საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტს სწავლობენ.

ადგილობრივ ექსპერტთა დიდი ნაწილის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო გარემო არ შეიცვალა, არსებული ცვლილებები მხოლოდ მმართველი ელიტის ინტერესებს მოემსახურება. საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორი ვახტანგ ხმალაძე ამბობს:

"ახალი პროექტის მიხედვით, პრემიერ მინისტრის არჩევა, მართლაც დამოკიდებული იქნება, საპარლამენტო უმრავლესობაზე. ოღონდ, როგორი იქნება ეს უმრავლესობა, ეს უკვე დამოკიდებული იქნება საარჩევნო სისტემაზე და გარემოზე. თუ ყველაფერი უცვლელი დარჩა, ისევე როგორც, დღეს არის, მაშინ, მინდა დაგარწმუნოთ, რომ უმრავლესობა ექნება ყოველთვის მას, ვინც არის მოცემულ მომენტში ხელისუფლებაში.

იქნებიან ნაციონალები? ნაციონალებს ექნებათ უმრავლესობა. ამ პროექტის მიხედვით, თავად პრეზიდენტი კი არ არის იმდენად ძლიერი, პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის ტანდემი ხდება ძალიან ძლიერი. თუ ეს ორი, აღმოჩნდა, ერთი და იმავე ფრთის წარმომადგენელი, აი, მაშინ პარლამენტი, პრაქტიკულად, ხდება უუფლებო".

ევროპის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი, 36 წლის ასაკში გახდა. 2007 წლის 25 ნოემბერს, ოპოზიციის ცნობილი დარბევის შემდეგ, სააკაშვილი გადადგა, თუმცა ოპონენტებზე მასირებული ზეწოლით, ერთ თვეში, ისევ დაიბრუნა ძალაუფლება.

2008 წლის აგვისტოს სამდღიანი ომი და კატასტროფა, წესით სააკაშვილის კარიერის დასასრულის დასაწყისი უნდა გამხდარიყო, თუმცა რევოლუციურ ოპოზიციას რესურსი აშკარად არ ეყო.

თუ ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნების თვალსაზრისით, სტრატეგიულ შეცდომებს არ დაუშვებს, რაც ადგილობრივ არჩევნებზეც გამოჩნდა, ნებისმიერი ბუქმექერი ფსონს ისევ ხელისუფლებაზე ჩამოვა, მით უმეტეს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი 2013 წელს, მხოლოდ 46 წლის იქნება.

XS
SM
MD
LG