ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს მოქალაქეებს სახრჩობელა ემუქრებათ


ბაბუცა გორდაძე და დარეჯან კოხტაშვილი
ბაბუცა გორდაძე და დარეჯან კოხტაშვილი

თუ დანაშაული დაუმტკიცდათ, 26 წლის ბაბუცა გორდაძეს და 37 წლის დარეჯან კოხტაშვილს მალაიზიაში ჩამოახრჩობენ.

ორი ქვეყნის - მალაიზიისა და თურქეთის პოლიცია საქართველოს მოქალაქეს, 1983 წელს დაბადებულ ელდარ, იგივე გიორგი კეხვსას ძე დავითიანს ეძებს. თურქეთში მცხოვრები დავიათიანი, საქართველოში ქურდობისთვის სამჯერ არის ნასამართლევი.

ახლა კი, იგი ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილია იმ ხმაურიან საერთაშორისო კრიმინალურ ისტორიაში, რომელიც გასულ კვირას მალაიზიაში, საქართველოს ორი მოქალაქის, დავითიანის მეუღლის - სამტრედიელი ბაბუცა გორდაძისა და თბილისელი დარეჯან კოხტაშვილის დაპატიმრებით დაიწყო.

ქართველ ქალბატონებს საერთო ჯამში ათ კილოგრამზე მეტი ნარკოტიკი „სუაბუ“ (Syabu, Methamphetamine) აღმოუჩინეს, რომლის ღირებულებაც შავ ბაზარზე მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტია.

ეს დანაშაული მალაიზიის კანონმდებლობით სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. დაკავებული დარეჯან კოხტაშვილის და ნელი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ დარეჯანი და ბაბუცა თურქეთში 11 ოქტომბერს გაემგზავრნენ, ბაბუცა გორდაძის მეუღლის სატელეფონო ზარის შემდეგ:

„მეგობრის მეუღლემ დაურეკა, ჩამოდითო და სამსახურს დაგახვედრებთო, წავიდნენ ორივე ერთად. ჩვენ ვიცოდით, რომ იყო თურქეთში. მე ჩემი და არ დამკონტაქტებია, ბავშვებს დაურეკა ერთი-ორჯერ და უთხრა, რომ ჯერ სამსახური ვერ ვიშოვე და არ ვიცი, რას ვიზამო. მალაიზიაში როგორ აღმოჩნდა, ამის შესახებ არაფერი არ ვიცი.“

არაოფიციალურად ცნობილია, რომ 2010 წლის ოქტომბრის დასაწყისში გიორგი დავითიანი თავადაც იმყოფებოდა მალაიზიაში. სწორედ იქედან დაბრუნებულმა ჩაიყვანა მეუღლე და მისი მეგობარი თურქეთში დასაქმების მოტივით, თუმცა საბოლოოდ ისინიც მალაიზიაში აღმოჩდნენ.

ქართველი ქალბატონები 23 ოქტომბერს, სტამბულის აეროპორტიდან მაროკოს ქალაქ კასაბლანკაში გადაფრინდნენ, საიდანაც გეზი კამერუნისკენ აიღეს. ამ აფრიკულ ქვეყანაში ერთი დღე დაჰყვეს და სწორედ აქ მიიღეს უცნობი პირებისგან სურათები, რომელთა ხის ჩარჩოებშიც ნარკოტიკი იყო დამალული.

25 ოქტომბერს, ქართველები მალაიზიაში ჩაფრინდნენ. საზღვარი უვიზოდ გადაკვეთეს, ამ ქვეყანასთან საქართველოს მოქალაქეებისთვის ერთთვიანი უვიზო რეჟიმი მოქმედებს, თუმცა მოგვიანებით, ორივე დააპატიმრეს. დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ტაბატაძე ამბობს:

„ერთი დაკავებული იმყოფება კუნძულ ბორნეოზე, ხოლო მეორე კუნძულ პენანგზე. თავად ისინი ბრალს არ აღიარებენ. აცხადებენ, რომ კამერუნში მათ ვიღაც უცნობმა პირმა გადასცა ჩანთა, რომელიც უნდა ჩამოეტანათ მალაიზიაში, სადაც დახვდებოდნენ და გამოართმევდნენ. ამბობენ, რომ ნარკოტიკების შესახებ არაფერი იცოდნენ.“

საქართველოს 1993 წლიდან აქვს მალაიზიასთან დიპლომატიური ურთიერთობა, თუმცა არც ამ და არც მიმდებარე ქვეყნებში არ აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა. მალაიზიაც საქართველოსთან ურთიერთობას უკრაინაში არსებული საელჩოს მეშვეობით ახორციელებს.

სწორედ ამის გამო, საგარეო საქმეთა სამინისტროს კუალა ლუმპურში სპეციალური წარმომადგენლის გაშვება მოუხდა. მალაიზიური პრესის ცნობით, დიპლომატი ირაკლი ქობალია უკვე შეხვდა ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლებს.

პარალელურად, კიევში მყოფი ქართველი დიპლომატები მალაიზიელ კოლეგებს შეხვედნენ. ოფიციალური თბილისი ცდილობს, დაკავებული ქართველები ადექვატური დაცვით უზრუნველყოს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა:

„ჩვენთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, ის, რომ მალაზიის ხელისუფლება დავარწმუნოთ, რომ ჩვენი მოქალაქეების ბედით დაინტერესებულნი ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოხერხდეს დაკავებულების სამართლებრივი დახმარება და დაცვა, ყველა გზით, რომელიც ჩვენს კომპეტენციას არ აღემატება.

მართალია ექსტრადიციის თაობაზე ხელშეკრულება მალაიზიასთან არ გაგვაჩნია, მაგრამ ვეცდებით, რომ როგორმე ეს პირები საქართველოში დავაბრუნოთ. ყველა შემთხვევაში, ჯერ მთავარია დაკავებულების სამართლებრივი დაცვა მოხერხდეს. ჩვენ ვესაუბრებით სახალხო დამცველს და გვყავს მოლაპარაკებებში რამდენიმე სახელმწიფო ჩართული.“

მალაიზიის ნარკოკანონმდებლობა ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. აქ 15 გრამზე მეტი ჰეროინის, 200 გრამზე მეტი მარიხუანის ან სხვა ნარკოტიკული საშულების შენახვა, გაყიდვა ან კონტრაბანდა სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.

იგივე სასჯელი მოქმედებს იარაღის უკანონო შენახვაზე, განზრახ მკვლელობაზე და მალაიზიის უმაღლესი მმართველის შეურაცხყოფაზე. მალაიზიის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შეღავათებს სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის. მარტო გასულ წელს, აქ 50 სასიკვდილო განაჩენი მოიყვანეს სისრულეში, უმეტესობა ჩამოხრჩობის გზით.

26 წლის ბაბუცა გორდაძეს, რომელსაც სამი წლის ლიზი ჰყავს და 37 წლის დარეჯან კოხტაშვილს, რომელიც სამი შვილის დედაა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სწორედ სახრჩობელა ელოდებათ. ქართველების სასამართლო პროცესი ოთხშაბათს დაიწყება.

XS
SM
MD
LG