ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრთხე ევროპისათვის


საფრთხე ევროპისათვის
საფრთხე ევროპისათვის

ნორვეგიაში მომხდარი ტერაქტების შემდეგ ევროკავშირის კრიმინალური პოლიციის სააგენტოს, იგივე ევროპოლის განცხადებით, ისინი სკანდინავიაში ექსპერტთა ჯგუფს გააგზავნიან, რომელიც არაისლამიზმთან დაკავშირებულ ტერორიზმს გამოიკვლევს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სპეციალური ჯგუფის მიზანი ევროპული ქვეყნებისთვის სამომავლოდ მსგავსი საფრთხეების თავიდან არიდება იქნება. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სელა ჰენესი იკვლევდა.

ბლანკა კოლენიკოვა ლონდონში ევროპის საკითხების ანალიტიკოსია. ის ამბობს, რომ უსაფრთხოების ზომების გაფართოება აუცილებელი ზომაა.

„შესაძლოა ითქვას, რომ ყურადღების ცენტრში ისლამური ექსტრემიზმიდან მომავალი საფრთხეები იდგა, ხოლო მემარჯვენე რადიკალური ექსტრემიზმი კი უშიშროების სტრუქტურებს თვალსაწიერიდან გამოეპარათ,“ - ამბობს კოლენიკოვა.

ევროპოლის წლევანდელ ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ 2010 წელს მემარჯვენე რადიკალების მხრიდან ტერაქტები განხორციელებული არ ყოფილა, მაშინ როცა მემარცხენე ექსტრემისტებმა 45-მდე ტერაქტი მოაწყვეს.

საყოველთაოდ გავრცელებული შეხედულებით მემარჯვენე ექსტრემიზმს საზოგადოების მხარდაჭერა არ გააჩნია, თუმცა აქტიურობა ინტერნეტში თვალსაჩინო იყო. ასევე კოლენიკოვას განცხადებით, მემარჯვენე ჯგუფები თანდათან პროფესიონალები ხდებიან.

„ამ იდეოლოგის მიმართ მუდამ არსებობს სიმპათია და ზოგი მოხსენების თანახმად, ზოგიერთი ამ იდეოლოგიის სხვაგვარად წარმოჩენას და დამახინჯებას ცდილობს. ამდენად, ეს ჯგუფები რეალურ საფრთხეს ქმნიან,“ - ამბობს კოლენიკოვა.

ანდერს ბეირინგ ბრეივიკმა ნორვეგიაში დედაქალაქ ოსლოში და შემდეგ კუნძულზე მომხდარი ტერაქტი აღიარა. ამ ნაბიჯამდე კი ბრეივიკმა 1500 გვერდიანი მანიფესტი გამოაქვეყნა. პოლიტიკური ექსპერტების განცხადებით, ამ მანიფესტში გამოხატული შეხედულებები უკიდურესად მემარჯვენე ხასიათისაა. მისი ერთერთი განწყობა კი ევროპაში მუსლიმთა წინააღმდეგ ბრძოლაა. ნორვეგიის პოლიცია უკვე იძიებს იმ განცხადებას, რომლის მიხედვით მას თითქოს გარკვეულ თანამოაზრე ჯგუფებთან გააჩნდა კავშირი. ნიგელ ინკსტერი ბრიტანეთში ტრანსნაციონალური საფრთხეების სტრატეგიულ კვლევებს ხელმძღვანელობს.

მის თქმით, ევროპისთვის ყველაზე დიდი საფრთხე ისლამური ტერორიზმია. რაც შეეხება მემარჯვენე ექსტრემიზმს, მათი გამოვლენა საკმაოდ ადვილია. მის აზრით, ეს უფრო პოლიციის საქმეა ვიდრე სპეცმსახურების.

„ეს ჯგუფები არ წარმოადგენენ უსაფრთხოების თვალსაზრისით დიდ სირთულეს. მათში შეღწევა ადვილია და დიდ ლეგენდებს და ტექნიკას არ მოითხოვს,“ - აცხადებს ინკსტერი.

მისი თქმით, ბრიტანეთში არსებული მემარჯვენე ექსტრემისტები მსხვილი ტერორისტული შეტევების დაგეგმვაში შემჩნეულები არ არიან.

XS
SM
MD
LG