ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში ნარკოპოლიტიკა ჰუმანური გახდება


საქართველოში ნარკოპოლიტიკა ჰუმანური გახდება
საქართველოში ნარკოპოლიტიკა ჰუმანური გახდება

დეკრიმინალიზაცია - ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებიდან თავის დაღწევის ერთერთი საშულაებაა.

3 დღის წინ, 26 ოქტომბერს გაეროს ასამბლეაზე პირველად ნარკოპოლიტიკის და გაეროს ისტორიაში გაკეთდა მოხსენება, სადაც ძირითადი აქცენტი ნარკომანიით დაავადებულ პირთა უფლებების დაცვაზე გამახვილდა.

თბილისში ამასთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრების, ნარკოლოგების, სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით გაიმართა მრგვალი მაგიდა სახელწოდებით ”ჰუმანური ნარკოპოლიტიკა-საზოგადოების შეკვეთა”.

"საქართველო რჩება იმ მცირე ქვეყანათა ჩამონათვალში, სადაც დღემდე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება კრიმინალიზებულია, ნარკოტიკული სშუალებების მომხმარებლები ჯანდაცვით მიდგომას საჭიროებენ და არა სისხლის სამართლებრივ დევნას" - ამბობს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში .

მრგვალი მაგიდის მონაწილეთა აზრით, გამოკითხულთა უმეტესობა ფიქრობს,რომ ნარკომანი არის ავადმყოფი, რომელსაც სჭირდება დახმარება.

რა ზომები უნდა მიიღოს ქვეყანამ, რომ ნარკომანი საზოგადოებისთვის გახდეს უსაფრთხო? ასეთი სენით დაავადებულ ადამიანს უნდა ჰქონდეს თუ არა მართვის მოწმობა? - ამ კითხვებით "ამერიკის ხმამ" სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს მიმართა:

”თუ პირი სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს იქნება შეჩერებული საპატრულო პოლიციის მიერ და აღმოაჩნდება მას, რომ იგი იმყოფება ან ალკოჰოლური სასმელის, ან ნარკოტიკული საშუალების გავლენის ქვეშ, შესაბამისად საკმაოდ მკაცრი სანქციებია გათვალისწინებული. მთელ რიგ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობა მართვის მოწმობის ჩამორთმევასაც ითვალისწინებს , თუ განმეორდა რამდენიმეჯერ ქმედება”-აცხადებს სახლახო დამცველი.

მრგვალი მაგიდის ერთ-ერთი მონაწილე, ქალთა პარტიის ლიდერი,ყოფილი პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე ამბობს, რომ პარლამენტში მას ხშირად მიმართავდნენ ნარკომანების მშობლები, ითხოვდნენ შვილების მეტადონის პროგრამაში ჩართვას. მისივე თქმით, რიგ ქვეყნებში მეტადონის პროგრამა ითვალისწინებს დასაქმებას, მაგრამ თუ ნარკომანიით დაავადებულმა სამსახური გააცდინა , მას მეტადონს აღარ აძლევენ, ასეთი დასჯის ფორმას გამოიყენებენ :

”იმიტომ რომ ნარკომანებისთვის შრომას აქვს პროფილაქტიკის, გამოსწორების მნიშვნელობა.რომ არ გქონდეს, უნდა გამოიგონო მათთვის სამუშაო. მაგალითად, საზღვარგარეთ მინახავს წიგნების მაღაზიაში ერთი კაცის ნაცვლად დგას სამი , რომლებიც გამყიდველს ეხმარებიან, მათ მინიმალურ ანაზღაურებას აძლევენ. მაგრამ აქ მთავარია, რომ იგი არის დასაქმებული, ეს არის პრინციპი”-აღნიშნავს გუგული მაღრაძე.

"საქართველოს პოლიტიკური კურსის კონტექსტში იგულისხმება ერთგულება დასავლური ღირებულებებისადმი, მათ შორის იმ საერთაშორისო კონვენციებისადმი, რომელშიც ღიად და ნათლად არის გაწერილი, რომ დეკრიმინალიზაცია ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გახლავთ ერთადერთი სწორი გამოსავალი" - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ლორთქიფანიძე . მისივე თქმით:

"საქართველოში დღესდღეობით 40 ათასი რეგისტრირებული ნარკომანია და ეს ციფრი, როგორც სპეციალისტებმა დღეს განაცხადეს, უნდა გამრავლდეს მინიმუმ 5-ზე, რომ ის რეალური სურათი დაიხატოს , რაც დღეს ქვეყანაშია. 4 მილიონიან სახელმწიფოში 200 ათასი აქტიური მომხმარებელი ნარკოტიკული საშუალების არის დიდი ეროვნული ტრაგედია."

არასაგადასახადო შემოსავლების კუთხით, რაც გულისხმობს დამატებითი სასჯელების სახით ამოღებულ ჯარიმებს ნარკოტიკების მომხმარებლებისგან, მხოლოდ 2007 წელს საქართველოს ბიუჯეტში შემოვიდა 30 მილიონი ლარი, რაც სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ 4-5 სარეაბილიტაციო ცენტრი უკვე გვქონოდა. სარეაბილიტაციო ცენტრების უქონლობის გამო ჩვენ იძულებულნი ვართ ისევ და ისევ ინერციით გავყვეთ რეპრესიულ პოლიტიკას, რომლის წინააღმდეგი ვარ. მაგრამ რეალურად სხვა სამართლებრივი გამოსავალი ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ არსებობს”.

XS
SM
MD
LG