ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პატიმარმა ფრენკელმა გეგუთის ციხეში ინფარქტი მიიღო


ზეევ ფრენკელი
ზეევ ფრენკელი

თბილისსა და იერუსალიმს შორის ახალი სკანდალია. ბიზნესმენმა ზეევ ფრენკელმა, ისრაელის მოქალაქემ, რომელსაც საქართველოში 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი გეგუთის ციხეში ინფაქტი მიიღო.

ფრენკელს ქუთაისის კლინიკაში გულზე შუნტირების ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ამჟამად რეანიმაციაში იმყოფება. ფრენკელის ადვოკატი არჩილ კბილაშვილი, მისი კლიენტის ჯანმრთელობის გაუარესებაში ციხის ადმინისტრაციას ადანაშაულებს.

ადვოკატის თქმით, ფრენკელს არ არ მიუტანეს მის მიერვე შეგზავნილი მედიკამენტები. ბიზნესმენი 13 სექტემბრამდე სასჯელს ქსნის ციხეში იხდიდა, შემდეგ პატიმარი გეგუთის ციხეში გადაიყვანეს, თუმცა მედიკამენტები არ გაატანეს.

14 და 17 სექტემბერს ფრენკელს ორჯერ შეუგზავნეს საჭირო მედიკამენტები, თუმცა წამალი ისრაელის მოქალაქემდე ვერ მივიდა. საბოლოოდ კი ზეევ ფრენკელმა ინფაქტი მიიღო.

არჩილ კბილაშვილის თქმით, მან და პატიმრის ბრიტანელმა ადვოკატებმა, გეგუთის ციხეში მომხდარის შესახებ, უკვე ჩააყენეს საქმის კურსში ისრაელის მთავრობა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი.

„ეს ინფორმაცია უკვე მიეწოდა, როგორც ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრის აპარატს და მთლიანად მთელ საზოგადოებას.

ასევე მიეწოდა ფრენკელისა და ფუქსის ინგლისელი ადვოკატების მხრიდან, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაქ ობამას ადმინისტრაციას, კონგრესს, სახელმწიფო დეპარტამენტს და საქართველოს საელჩოს ამერიკის შეერთებულ შტატებში.“

ერთი კვირის წინ, ისრაელი საელჩომ საქართველოში აღშფოთება გამოხატა, საქართველოს ციხეებში ისრაელის მოქალაქეების რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის მიმართ „უხეში და არასათანადო მოპყრობის გამო“. ისრაელის საელჩომ საპროტესტო წერილები გაუგზავნა საქართველოს რამდენიმე უწყებას, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს.

აღშფოთება მოჰყვა, პატიმარ რონი ფუქსის წერილს, სადაც ფუქსი ამტკიცებდა, რომ ციხეში მას აწამებდნენ. შაქრის დიაბეტით დაავადებულ პატიმარს მოულოდნელად უარი უთხრეს სპეციალური საკვების მიცემაზე, პროტესტის მიუხედავად, ორივე პატიმარს კვებავენ ღორის ხორცით; შეუმცირეს სატელეფონო ზარების რაოდენობა და სეირნობის დრო; საერთოდ აუკრძალეს ციხის ექიმთან ვიზიტები.

რონი ფუქსმა, რომელსაც 7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, ისრაელის ელჩს იცხაკ გერბერგს პირადად აცნობა, რომ მისი საკანს ნიღბიანები თითქმის ყოველ ღამე, რამდენჯერმე ჩხრეკენ და საკანში კოკაინის აღმოჩენით ემუქრებიან.

ადვოკატი არჩილ კბილაშვილი დარწმუნებულია, სასჯელაღსრულების სამინისტრი ასრულებს შეკვეთას, რომ როგორმე ისრაელის მოქალაქეები გატყდნენ.

„ერთადერთი ვერსია, რომელიც ჩვენს გვაქვს მხოლოდ ლოგიკიდან გამომდინარეობს. უკვე თერთმეტი თვეა, ის საპატიმროშია, თერთმეტი თვის განმავლობაში თავი მას დამნაშავედ არასდროს უცვნია. ამ დროის განმავლობაში, არა თუ არ სცნო თავი დამნაშავედ, არამედ არ თქვა უარი მოგებულ 100 მილიონ დოლარზე.

ჩვენ გვაფიქრებინებს ეს რომ სავარაუდოდ, როგორც ფრენკელის ისე ფუქსის ასეთი ქცევა, გახდა ვიღაცის გაღიზიანების საფუძველი. სავარაუდოდ, მათ ჩათვალეს რომ ამგვარი ფორმით შესაძლებელია მისი მოტეხვა.“

კომპანია „ტრამექსის“ მეპატრონე რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი 2010 წლის ოქტომბერში ბათუმში დააპატიმრეს, სადაც ისინი პრემიერ მინისტრ ნიკა გილაურის პირადი მოწვევით ჩამოვიდნენ.

რონი ფუქსმა და მისმა პარტნიორმა იოანის კარდასოპულოსმა, 2010 წლის მარტში, ვაშინგტონში, ინვესტიციების სფეროში დავების მოსაგვარებელ საერთაშორისო ცენტრში, საქართველოს სახელმწიფოს ხუთ წლიანი დავა და 98 მილიონი დოლარი მოუგეს.

ოფიციალური წერილის თანახმად ბათუმში, ნიკა გილაურთან, ამ ვალის გადახდის გრაფიკი საბოლოოდ უნდა დადგენილიყო, თუმცა მოულოდნელად ფუქსი და ფრენკელი დააპატიმრეს და ბრალად ფინანსთა მინისტრის მოადგილე ავთანდილ ხარაიძისთვის ქრთამის სახით 7 მილიონი დოლარის შეთავაზება წაუყენეს.

ისრაელის უპრეცედენტო ზეწოლამ საქართველოს ხელისუფლებაზე შედეგი არ გამოიღო. ფუქსი და ფრენკელი დამნაშავედ ჯერ თბილისის საქალაქო, შემდეგ კი სააპელაციო სასამართლომაც სცნო. ამასთან, ისრაელის მოქალაქეები კვლავ ითხოვენ მოგებულ 98 მილიონ დოლარს და უეახლოეს მომავალში, აპირებენ ქართული სასამართლოების გადაწყვეტილებები სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრონ.

სასჯელაღსრულების სამინისტროში პატიმრებთან ფრენკელთან და ფუქსთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე აკაკი მინაშვილმა კი უარყო ინფორმაცია, რომ ისრაელის მოქალაქეებს ქართულ ციხეში არასათანადოდ ექცევეიან

„ბევრჯერ იქნა მონიტორინგი განხორციელებული სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან თუ ისრაელის წარმომადგენლების მხრიდან და არავითარი პრეტენზია ამასთან მიმართებაში არ არსებობს. ბუნებრივია, ჩვენ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი აგრძელებს სასჯელაღსრულების სისტემაზე მონიტორინგს.“

ისრაელის ორი ბიზნესმენის საქმის გამო, ისრაელისა და საქართველოს ურთიერთობები უკიდურესად გამწვავებულია, თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, მოსალოდნელია სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესება.

ზეევ ფრენკელისა და რონი ფუქსის ოჯახებმა გუშინ კიდევ ერთხელ მიმართეს ისრაელის პრემიერ მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა გააძლიერონ.

როგორც ისრაელის ავროტიტეტული ყოველდღიური გაზეთი „მაარივი“ , ადგილობრივ მაღალჩინოსანზე დაყრნობით, იუწყება, ისრაელის მთავრობა საქართველოს მთავრობზე მასირებული დიპლომატიური ზეწოლის დაწყებას აპირებს და შეეცდება საქართველო ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის გამო, ევროპის საბჭოდან გარიცხონ.

XS
SM
MD
LG