ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანა ლეჟავა - დიპლომატია და ბალეტი


ანა ლეჟავა
ანა ლეჟავა

ახალგაზრდა ელჩების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უცხოეთის რვა ქვეყანაში საქართველოს საკუთარი წარმომადგენელი ჰყავს. 25 წლის ანა ლეჟავა საქართველოს პოპულარიზაციის საკითხებს, კულტურულ და გაცვლით პროგრამებს შეერთებულ შტატებში კურირებს. პროფესიონალი ბალერინა და საერთაშორისო პოლიტიკა - რა აკავშირებს ანა ლეჟავას ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიასთან თეა თუაშვილი ახალგაზრდა ქალი-ლიდერის შესახებ მოგვითხრობს.

საელჩო მხოლოდ ერთი თანამშრომლით და დიდი მისიით - 25 წლის ანა ლეჟავა შეერთებულ შტატებში ახალგაზრდა ელჩის სტატუსით მუშაობას აპრილიდან შეუდგა. საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრის ინიციატივით შექმნილი ახალგაზრდა ელჩების პროგრამით გამოცხადებულ კონკურსში, სადაც უცხოეთში მცხოვრები ორასზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა, კონკურსის ორივე ეტაპი წარმატებით გაიარა და საქართველოს, სტრატეგიული მნიშვნელობის პარტნიორ ქვეყანაში, პირველი ახალგაზრდა ელჩი გახდა.

საქართველოს კულტურის პოპულარიზაცია, ორი ქვეყნის ახალგაზრდების დაახლოება, კონკრეტული პროექტების დაგეგმვა, ინვესტორების მოზიდვა - ახალგაზრდა ელჩის მთავარი სამოქმედო გეგმაა.

არსებობს კონკრეტული პროექტებიც - ორ-კვირიანი ქართული ცეკვის მარათონი, ქართული ცეკვების უფასოდ შესწავლა უცხოელებისთვის, სადაც ქორეოგრაფი თავად ახალგაზრდა ელჩი იქნება, ფლეშმობი ნიუ-იორკში არსებულ ქართული ცეკვების ანსამბლ "ფესვებთან" ერთად, რომელიც, სავარაუდოდ, ან ცენტრალ პარკში ან "გრანდ ცენტრალის" სადგურში გაიმართება და ჯორჯ ბალანჩინის მემკვიდრეობის და ისტორიის გაცნობა - ამ პროექტებით ანა ლეჟავა ამერიკელების წინაშე ქართული კულტურის წამოჩენას აპირებს.

ანა ლეჟავა: ძალიან ბევრმა არ იცის ამერიკაში, რომ ჯორჯ ბალანჩინი იყო ქართველი, და თუ რამდენად ქართული ელემენტები დევს მის ქორეოგრაფიაში. ეს იქნება სპეციალური საღამო სადაც მის მემკვიდრეობაზე ვისაუბრებთ. ახლა პატარა დოკუმენტურ ფილმს ვამზადებ. საღამო ჩემი ელჩობის დასასრულისკენ გაიმართება და ძალიან დიდი მონდომებით ვმუშაობ და ვემზადები ამ პროექტისთვის. იქნება ინვესტიციები მოსაზიდი, რადგან ამ პროექტს ჩვენი ახალგაზრდა ელჩების მცირე დაფინანსება არ ეყოფა და ვცდილობ ჩემი კონტაქტებით საჭირო დაფინანსება საქველმოქმედო ღონისძიებებითაც მოვიპოვო.

ანა ლეჟავა პროფესიონალი მოცეკვავეა. ბავშობაში ჯერ ქართულ ცეკვებზე დადიოდა, შემდეგ ბალეტზე შევიდა და ვახტანგ ჭაბუკიანის საბალეტო სკოლა დაამთავრა. 15 წლის ასაკში როგორც პერსპექტიულ და წარმატებულ ბალერინას მოწვევა ვაშინგტონიდან "კიროვის" სახელობის საბალეტო სკოლიდან მოუვიდა, რომელიც ოლეგ ვინოგრადოვმა უფროსი ჯორჯ ბუშის ხელშეწყობით დაარსა. 15 წლის ქართველმა გოგონამ დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო. წლების განმავლობაში "ატლანტიკ სითის" დასის ბალერინა იყო და ამერიკის თეატრების სცენაზე იდგა. მალე ლიბერალური ხელოვნების საუკეთესო სასწავლებიდან "Birmingham South" კოლეჯიდან მიიღო მიწვევა, სადაც საბალეტო ხელოვნების პარალელურად საერთაშორისო პოლიტიკის ფაკულტეტი დაამთავრა. სწორედ იქ სწავლის პერიოდში მოუწია მუშაობა თემაზე ქალის როლი თანამედროვე პოლიტიკაში. ახალგაზრდა ელჩს საქართველოდან, სურს რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში უფრო მეტი ქალი-ლიდერი იყოს.

ანა ლეჟავა: ამისთვის მე არასამთავრობო ორგანიზაციაც ჩამოავაყალიბე საქართველოში, რომლის მუშაობა დროებით გაჩერებულია. ძალიან მაწუხებდა ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტში და მთავრობაში ქალების რაოდენობა პროცენტულად არის ნაკლები. მე ვარ კვოტირების და თანასწორობის მომხრე.

ანა ლეჟავა და ჩელსი კლინტონი
ანა ლეჟავა და ჩელსი კლინტონი

მიუხედავად იმისა, რომ თერთმეტი წელია შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, ანა ლეჟავა ისევ საქართველოს მოქალაქეა. თუმცა ამის მიუხედავად, აქტიურად არის ჩართული ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატის, პირველი ქალი-კანდიდატის ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიაში, სადაც მოხალისე 2015 წელს გახდა. კლინტონების ოჯახთან პირველი შეხვედრა გასულ წელს, ნიუ-იორკში რუზველტის კუნძულზე მდებარე პარკში მოხდა, სადაც ანა ლეჟავა სხვა მოხალისეებთან ერთად იყო მიწვეული.

ანა ლეჟავა: კლინტონმა და მისმა შვილმა ჩელსიმ ჩაატარეს პატარა ღონისძიება, რომ თავისი მოსაზრებები-თუ როგორ უნდა წავიდეს ამერიკის მომავალი, გაეცნოთ ჩვენთვის ინტიმურ სივრცეში. მეც ვიყავი დაპატიჟებული. გავიცანი ჩელსი კლინტონი, რომელიც ძალიან სასიამოვნო ადამიანია. ყველას უხაროდა, არ ეგონათ, რომ ჰილარი მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას. თვითონ ჩელსიც გახარებული იყო, რადგან მას დედამისის წარმატების სჯერა. ახლა უკვე დაველოდებით არჩევნებს.

ანა ლეჟავა ბედნიერია იმით, რომ მას მიეცა საშუალება საქართველოს კულტურა შეერთებულ შტატებში წარმოაჩინოს. რა იქნება ელჩის მანდატის ამოწურვის შემდეგ- გააგრძელებს თუ არა კარიერას დიპლომატიის ხაზით, თუ ისევ ბალეტის ერთგული დარჩება.

"ცეკვის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია" - ამბობს ანა ლეჟავა, რომელმაც თავისი დიპლომატიური კარიერის პირველი ნაბიჯები ისევ ქართული ქორეოგრაფიის პოპულარიზაციას დაუთმო.

XS
SM
MD
LG