ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო ოკუპაციის აღიარების კამპანიას იწყებს


თბილისში დღეს დასრულებული ელჩების შეკრების, ამბასადორიალის მთავარი შედეგი - მომავალი ერთი წლისთვის, საქართველოს დიპლომატებისთვის სტრატეგიული ამოცანების განსაზღვრა გახდა.

უმთავრეს პრირიორიტეტებად დარჩა - ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოდინებისთვის ხელშეწყობა, საქართველოს სახელმწიფოს დადებითი იმიჯის ფორმირება, ქართულ დიასპორებთან მუშაობა, ქართული მიწების დეოკუპაცია.

ერთ-ერთი ახალი დავალება, რომელიც საქართველოს ელჩებმა მიიღეს - საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად აღიარებაა. სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, კერძოდ, განაცხადა

„ჩვენ გამოვედით იმ პედიოდიდან, როცა ვმუშაობდით აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის არაღიარებაზე. ძირითადი პარტნიორებისგან ჩვენ ესეთი პირობა გვაქვს, რომ ისინი არასოდეს აღიარებენ ჩვენს ტერიტორიებს.

რა თქმა უნდა, არაღიარების პოლიტიკა ისევ გრძელდება და ამაზე ბევრი სამუშაო არის, მაგრამ ახლა ჩვენ ვიწყებთ მუშაობას ოკუპაციის აღიარებაზე, ანუ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად აღიარებაზე.“

ქართული ამბასადორიალის მუშაობაში, რომელიც სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, მონაწილეობა ესტონეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმაც მიიღეს. თუმცა, ურმას პაეტმა და ალექსანდრ შტუბმა, არ გააკეთეს კომენტარი იმასთან დაკავშირებით, შესაძლებელია, თუ არა ესტონეთისა და ფინეთის პარლამენტების მხრიდან ქართული ტერიტორიების ოკუპირებულად აღიარება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი მიიჩნევს, რომ პროცესი უკვე დაიძრა, მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ტერმინი "ოკუპაცია" იხმარა.

„თქვენ იცით, სახელმწიფო მდივან კლინტონის განცხადება, სადაც, ის, რაც დღესდღეობით ხდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არის განსაზღვრული, როგორც ოკუპაცია. რეალურად ყველაფერს დაერქვა თავისი სახელი.

გარდა ამისა, კიდევ რამდენიმე ქვეყანამ, ამ ბოლო პერიოდში, გააკეთა შესაბამისი განცხადებები საკანონმდებლო ორგანოების დონეზე, სადაც რუსეთის ქმედებებს ზუსტად იგივე კვალიფიკაცია მიეცა. დიაგნოზი დასმულია. ახლა მთავარია,. რომ საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მონაწილეობით, რაც დღეს უკვე არის და რეალური ფაქტია, მოვახდინოთ მკურნალობის განხორციელება.“

ჯერჯერობით, ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ყველა შესაბამისი პროცედურის დაცვით, საკანონმდებლო დონეზე აღიარა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად, ევროკავშირის წევრი - ლიტვაა.

ლიტვის სეიმმა 2010 წლის 2 ივნისს მიიღო რეზოლუცია, სადაც აფხაზეთსა და ცხინვალში რუსეთის ჯარის ყოფნას „უკანონო“ და „ოკუპაცია“ უწოდა.

ამ გადაწყვეტილებას ლიტვის სეიმის 55 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ვინ შეიძლება მიბაძოს უახლოეს მომავალში ლიტვას, ყველაზე მეტი მიზეზი მხარი დაუჭიროს ამ საკითხში საქართველოს, აზერბაიჯანს აქვს, თუმცა ამ ნაბიჯს ბაქო არ გადადგამს - მიიჩნევს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე

„ყველა ობიექტური მონაცემი არსებობს, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულად აზერბაიჯანმა აღიაროს, მაგრამ მეორეს მხრივ აქ შემოდის აზერბაიჯანის ურთიერთობა რუსეთთან.

როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტმა მედვედევმა რატომ დადო ისეთი ხელშეკრულება ბაქოსთან, როგორსაც რუსეთი სხვა ვითარებაში არასოდეს დადებდა ?! რატომ დათანხმდა მედვედევი თავისთვის წამგებიან გარიგებაზე, რომ აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირი იყიდოს 445 დოლარად და უკრაინას ეს აირი მიჰყიდოს 320 დოლარად. როდის იყო, რომ რუსეთი ასე მონტე კრისტოს ხელგაშლილობით მოქმედებდა?!

ელემენტარულად, ამას უნდა მოჰყვეს პოლიტიკის სფეროში საპასუხო დათმობები აზერბაიჯანის მხრიდან. ერთ-ერთი ასეთი დათმობა აუცილებლად იქნება ის, რომ აზერბაიჯანი, რომელიც სისხლხორციელად არის დაინტერესებული თავისი ტერიტორიების დეოკუპაციით, უბრალოდ გაჩუმდება და ხმას არ ამოიღებს საქართველოს ტერიტორიების დეოპუკაციაზე.“

ახალ დავალებას, რომელიც ელჩებმა მიიღეს, წინ უსწრებდა საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის კიდევ ერთი განცხადება, რომ საქართველო მზად არის რუსეთთან ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან განაახლოს. რამდენად თანმიმდევრულია, საქართველოს საგარეო პოლიტიკა.რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ, როგორც წესი, დასავლელი პარტნიორები საქართველოს ორ გზას ურჩევენ

„ერთნი თვლიან, რომ სტრატეგიული თმენის პოლიტიკით საქართველო მოიგებს, ანუ დრო მუშაობს საქართველოს სასარგებლოთ, რაც მეტი დრო გავა და არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდება მსოფლიოს მხრიდან, რუსეთი მით უფრო ჩიხში შევა. ეს ერთი; მეორე - ცხინვალშიც და სოხუმშიც შიდა პროცესები განვითარდება ისე, რომ შეიქმნება ხელსაყრელი ვითარება საქართველოსთვის.

არის მეორე გზა, რომელიც ამბობს, რომ არა პირიქითაა ყველაფერი. საქართველომ თუ არ იქტიურა, ამ თმენის სტრატეგიით, შეიძლება ჩვენ მივიდეთ იქამდე, როდესაც მიიხედ-მოიხედავს მსოფლიო და იტყვის - გაგვანებეთ თავი, ჯობია იყოს ისე, როგორც არის. ანუ, ამ გზით, საქართველოს მართებს პროაქტიური პოლიტიკა, ოღონდ, აქ ყველა თანხმდება იმაში, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს სამხედრო ძალის გამოყენება.

ჩვენ, ამ ვითარებაში, რაშიც საქართველო აღმოჩნდა, გვმართებს თმენა იმ აზრით, რომ ზედმეტი არ მოვთხოვოთ მსოფლიოს, არ უნდა მოვაბეზროთ თავი არც სამიტებზე და არც აქეთ და არც იქეთ, თორემ ცუდად დასრულდება ყველაფერი, და, მეორე, არც უნდა დავავიწყოთ ჩვენი თემა და პრობლემა.“

სტრატეგიული თმენის პირობებში, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობა, რუსეთის შემდეგ, სამმა სახელმწიფომ ვენესუელამ, ნიკარაგუამ და ნაურუმ სცნეს. ქართული დიპლომატიის აქტიურობით კი აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად საკანონმდებლო დონეზე მხოლოდ ლიტვამ აღიარა.

XS
SM
MD
LG