ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყველა ყველას წინააღმდეგ - ქართული პოლიტიკის გზამკვლევი


საქართველო ერთ კვირაში მნიშვნელოვან დასკვნას ელის, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირისკენ სავალ გზას. დასკვნამ უნდა უპასუხოს კითხვებს იმის თაობაზე, თუ რამდენად გულისხმიერად იმუშავა ქვეყანამ იმ 12 დავალების შესრულებისთვის, რასაც დასავლელი პარტნიორები მოელიან. ამ დავალებებს შორის პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა პირველია. საქართველოს პოლიტიკური ელიტა სიღრმისეული კონფრონტაციის პოზაშია, რომელიც სულ უფრო ღრმავდება.

დაპირისპირება არა მხოლოდ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორისაა, არამედ მმართველ პარტიასა და პრეზიდენტს შორისაც, ვინც ერთ გუნდს ქმნიდა, არც თუ ისე დიდი ხნის წინ. ახლა საქმე იქამდე მივიდა, რომ მმართველმა პარტიამ არა თუ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა, არამედ მას „ნაცმოძრაობის პრეზიდენტიც“ უწოდა. თავის მხრივ, ოპოზიციის ყველაზე გავლენიანი ნაწილი პრეზიდენტ ზურაბიშვილს „თავისიანად“ არ მიიჩნევს. ყველა ამ პოლიტიკურ აქტორს ერთმანეთის მიმართ წაყენებული აქვს ბრალდება იმის თაობაზე, რომ ისინი საქართველოს ევროპულ კურსს აზიანებენ.

მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ 30 ოქტომბერს, გვიან საღამოს ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ პრეზიდენტი ევროპაში საქართველოს ევროპული კურსის „ჩასაგდებად“ მიდიოდა, ამიტომაც არ აძლევდნენ მას ვიზიტების განხორციელების საშუალებას. კობახიძის ეს განცხადება, თავის მხრივ, საპასუხო რეაქციაა პრეზიდენტ ზურაბიშვილის cbs - თან ინტერვიუში ნათქვამისა, სადაც მან აღნიშნა, რომ პრემიერის ქმედებები არ მიუთითებს იმაზე, რომ მას სურს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება.

ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნება"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:50 0:00

ინტერვიუში, რომელიც 29 ოქტომბერს გამოქვეყნდა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საუბრობს იმის თაობაზე, რომ რუსეთი საქართველოში ნიადაგს ტესტავს ჰიბრიდული ომისთვის, რომ მტერი ქვეყნის 100 000 მოქალაქისთვის საქართველო სახლად იქცა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ დაუშვა. დაუშვა ისიც, რომ აღდგა პირდაპირი ფრენები თბილისსა და მოსკოვს შორის, ხუთი წლის შემდეგ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე და რომ მას არ აქვს საკმარისი პოლიტიკური ძალაუფლება იმისთვის, რომ ამ პროცესებში ჩაერიოს.

„საზღვრების საკითხების მოგვარება პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პრეროგატივაა. „საჯაროდ ღარიბაშვილი ამბობს, რომ თანახმაა რუსეთის სამეზობლოსთან ჩამოცილებასა და ევროკავშირთან შეერთებაზე, მაგრამ მისი ქმედება, თუ უმოქმედობა სხვა ისტორიას ჰყვება,-“ ამბობს ინტერვიუში ზურაბიშვილი და იმასაც ახსენებს, რომ პრემიერს არ ეყო გამბედაობა უფრო მკაცრ სანქციებს მიერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ.

„ხომ ჩანს, რომ სტატუსის საწინააღმდეგო აგიტაციას ეწეოდა ზურაბიშვილი, ოპოზიციასთან ერთად. მან თავად შემოგვთავაზა არგუმენტი იმისა, რომ ის ნამდვილად არ იყო ევროპაში გასაშვები. ის ჩადის ევროპაში კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არ არის ევროპაში გასაშვები,“- ამბობს კობახიძე ზურაბიშვილზე, მისი თქმით, „ნაცმოძრაობის პრეზიდენტზე“. თუმცა, მას, ამავდროულად, სხვა პოლიტიკურ ბანაკში აჯგუფებს - „ოცნების“ ყოფილ პრემიერ გახარიასთან და ყოფილ სახალხო დამცველთან, ლომჯარიასთან ერთად.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია შესაძლო ალიანსის თაობაზე - სალომე ზურაბიშვილი, ნინო ლომჯარია, გიორგი გახარია - ასეთი გეგმები არსებობს. თუმცა ეს პარტიაც განწირულია 5 პროცენტიან ბარიერზე ჩავარდნისთვის. გახსოვთ თქვენ, რა ძალისხმევა დაგვჭირდა სალომე ზურაბიშვილი რომ გამხდარიყო პრეზიდენტი? არც ქარიზმა ჰქონდა მას და უამრავ შეცდომას უშვებდა განცხადებებში,“- დასძენს კობახიძე.

„საზოგადოებრივი აზრის კვლევებში საკმაოდ ნათელი მინიშნებაა იმის თაობაზე, რომ საქართველოს ელექტორატში არსებობს ისეთ ალტერნატიულ ძალაზე მოთხოვნა, რომელიც თანაბრად იქნება დაშორებული როგორც "ნაციონალურ მოძრაობას", ასევე "ქართულ ოცნებას". თუ არჩევნების წინ მოხერხდება ასეთი პოლიტიკური პოლუსის შექმნა, მაშინ სალომე ზურაბიშვილს, როგორც ამ პოლიტიკური ერთობლიობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მდგენელს, სოლიდური პოლიტიკური წონა მიენიჭება. თუმცა, მნიშვნელოვანია რომ ეს არ იყოს ერთი ან ორი პოლიტიკოსის გაერთიანება, არამედ უფრო ფართო პოლიტიკური ცენტრი, რომელიც შეძლებს სათანადო პოლიტიკურ-მატერიალური რესურსის მობილიზებას,“- ეუბნება „ამერიკის ხმას“ გიორგი მელაშვილი, ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელი.

ალუდა ღუდუშაური "ქართული ოცნება"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:42 0:00

30 ოქტომბრის ბრიფინგზე კობახიძემ ისაუბრა აშშ-ს ახალი ელჩისგან მოლოდინებზეც. ახსენა ყოფილი ელჩი, კელი დეგნანი, რომელსაც „ოცნების“ ხელისუფლება იწუნებდა, განიხილავდა რა მას ოპოზიციურ ბანაკთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთობლიობაში. მისი განცხადებით, ახალი ელჩისგან, რობინ დანიგანისგან სხვა მოლოდინებია. ამ მოლოდინების საილუსტრაციოდ ირაკლი კობახიძემ „ერთი მაგალითი“ მოიტანა და ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიღებაზე, სადაც ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად იმყოფებოდა, ელჩის სიტყვის დასრულების შემდეგ, მას „ტაში არ დაუკრა ელენე ხოშტარიამ და ზურაბ ჯაფარიძემ“. კობახიძისთვის ეს "კარგი ნიშანია" მომავალი თანამშრომლობისთვის აშშ-ა და საქართველოს შორის.

აშშ-ა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაფუჭება საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს სურთ - მიიჩნევს კობახიძე. მათ „მდიდარ ენჯეოებს“უწოდებს და საქართველოს "უკრაინიზაციასა და გლობალური ომის პარტიის" ემისრებად მიიჩნევს. მისი ეს განცხადება მოჰყვა 51 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ ტექსტს იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება არ რეაგირებს აშშ-ს მიერ დასანქცირებულ მოსამართლეებსა და ყოფილ მთავარ პროკურორზე.

„საზოგადოებისთვის ცნობილი იყო ოთარ ფარცხალაძის არაფორმალური გავლენების შესახებ საქართველოს პოლიტიკურ თუ ბიზნეს სფეროებზე. მის მიმართ სამართალდამცავების ლოიალური დამოკიდებულება გამაოგნებელი იყო. წლების მანძილზე მისი სახელი არაერთ დანაშაულებრივ ქმედებას უკავშირდებოდა, თუმცა მისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობა არცერთ საქმეზე არ დამდგარა. 14 სექტემბერს კი აშშ-ის ხაზინის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ამ ყველაფერს რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ საქმიანობის ბრალდებაც დაემატა. სამართალდამცავებს ამ საკითხზე ეფექტიანი რეაგირება არ მოუხდენიათ, უფრო მეტიც, მათ ოთარ ფარცხალაძეს საშუალება მისცეს ქვეყანა დაეტოვებინა“- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ერთობლივად, 51 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.

ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებსაც ოპონენტების საერთო გუნდთან აერთიანებს და აცხადებს, რომ ისინი პრეზიდენტის მრჩევლებიც არიან, ამავდროულად.

„ეკა გიგაურის ("საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი, ერთობლივი განცხადების ერთ-ერთი ხელმომწერი,- ნ.დ.) მოსაზრებები საერთოდ არაა საინტერესო. ეს საინტერესოა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილისთვის და მას ჰკითხეთ. კაპიტანი გიგაური, ნაზიბროლა ჯანეზაშვილი და სხვები, არ იმსახურებენ სერიოზულ კომენტარს. ისინი არიან კარგი მრჩევლები სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელსაც კინაღამ კისერი მოატეხინეს. მის მიმართ არის გამამტყუნებელი საკონსტიტუციო გადაწყვეტილება, სადაც ის ცნობილია კონსტიტუციის დამრღვევად,“- აცხადებს ალუდა ღუდუშაური, „ოცნების“ წარმომადგენელი.

„ნახევარი წელი გავიდა და ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია რომ შეესწავლა სასამართლოში არსებული სიტუაცია. მოეხდინა რეაგირება იმ მოსამართლეებზე, რომლებიც არიან სანქცირებული და კვლავ იკავებენ მაღალ თანამდებობებს. ფაქტია, რომ ეს ადამიანები არიან განსხვავებულ მდგომარეობაში სხვა მოსამართლეებთან შედარებით. მათ აქვთ დიდი გავლენები სისტემაში. უფრო მეტიც, ჩვენ ვნახეთ, უმაღლესი თანამდებობის პირმა, ირაკლი ღარიბაშვილმა როგორ დაიცვა ისინი. მივიდა პირდაპირ უზენაეს სასამართლოში და გამოხატა მხარდაჭერა მათ მიმართ. პრობლემურია, რომ ამ ხნის განმავლობაში, გამოძიების ჩატარების სანაცვლოდ, აქეთ ითხოვენ მტკიცებულებებს პარტნიორებისგან, ენჯეოებისგან, ყველასგან. ამ დროს, სახელმწიფო ინსტიტუტების ვალდებულებაა გამოძიების ჩატარება და მტკიცებულებების მოპოვება,“- გვეუბნება ნაზი ჯანეზაშვილი, „სასამართლოს გუშაგის“ ხელმძღვანელი, არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადების ერთ-ერთი ხელმომწერი.

ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნება"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:19 0:00

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადების კიდევ ერთი ხელმომწერი, IDFI -ს ხელმძღვანელი გიორგი კლდიაშვილი "ამერიკის ხმასთან" აფიქსირებს, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა აშკარად მიმართულია საქართველოში სანქცირებული ინდივიდების დაცვისკენ და არა სანქცირების საფუძვლების სათანადოდ გამოკვლევისკენ.

"მანიპულაციური კამპანიები, სანქცირებული პირების მიმართ საჯარო მხარდაჭერის გამოცხადება, აშშ-სადმი წაყენებული უკუ ბრალდებები, გამოძიების ილუზიის შექმნა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე პოლიტიკური ზემოქმედება - ის ძირითადი მეთოდებია, რითაც საპარლამენტო უმრავლესობა და პოლიტიკური თანამდებობის პირები მმართველი გუნდიდან ცდილობენ სანქცირებულ (და მომავალში პოტენციურად სანქცირებად) პირთა დაცვას,"- გვეუბნება გიორგი კლდიაშვილი.

ქართული ოცნებისთვის მიუღებელია არა სალომე ზურაბიშვილი, არამედ ის პოზიცია, რომელსაც პრეზიდენტი განასახიერებს - საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდაჭერა. მათ აღიზიანებთ და შურთ იმის, რომ ის რჩება ერთადერთ მაღალი რანგის ქართველ პოლიტიკოსად, რომელსაც გააჩნია ავტორიტეტი დასავლეთში. ეს თვალშისაცემად კონტრასტულია მაშინ, როდესაც "ქართული ოცნების" ერთადერთ იმედად რჩება ლამის ექსკომუნიცირებული ვიქტორ ორბანი, რომელთანაც ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა ურთიერთობების მინიმუმამდე დაყვანას ცდილობს, განსაკუთრებით პუტინთან მისი გულთბილი საუბრის შემდეგ,“- გვეუბნება გიორგი მელაშვილი.

„ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსს თუ ვერ მიიღებს საქართველოს, ეს იქნება რუსეთის გამარჯვება,“- ამბობს ზურაბიშვილი. ის არასაკმარისად აფასებს ძალისხმევას, რასაც დასავლეთი სწევს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. მას არგუმენტად მოჰყავს ფაქტი, რომ პირდაპირი კომუნიკაცია აშშ-ს უმაღლეს პირებთან, სატელეფონო საშუალებითაც კი შეუძლებელი აღმოჩნდა, მთელი მისი პრეზიდენტობის განმავლობაში.

გიორგი მელაშვილის აზრით, ხელისუფლების რიტორიკის გადატანა პრეზიდენტზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე თუ სხვა აქტორებზე არის მცდელობა იმისა, რომ ყურადღების ცენტრს მიღმა აღმოჩნდეს ეროვნული ინტერესებისთვის ძირეული მნიშვნელობის მქონე საკითხი - კანდიდატის სტატუსი.

XS
SM
MD
LG