ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის განცხადებით, სირიის ქალაქ ალეპოში ცეცხლი დღეს 10 საათის ვადით შეწყდება, რათა ამბოხებულებს და მშვიდობიან მოსახლეობას წლების მანძილზე ომით განადგურებული ქალაქის დატოვების საშუალება მიეცეთ. გენერალ ვალერი გერასიმოვის თქმით, მორატორიუმი “უაზრო მსხვერპლის” თავიდან აცილების მიზნით გამოცხადდა.

ამბოხებულები რუსეთის წინადადებას არ თანხმდებიან და კრემლს ტყუილში ადანაშაულებენ. ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებას ისინი მსოფლიოს თვალის ახვევად და მედიისთვის დადგმულ სპექტაკლად მიიჩნევენ. მოსკოვის და დამასკოს მიერ აქამდეც არაერთხელ ორგანიზებული ე.წ. “ჰუმანიტარული პაუზა” ძირითადად წარუმატებლად მთავრდებოდა. ბოლოს, ოქტომბრის შუა რიცხვებში გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილების შემდეგ, გაეროს და წითელი ჯვრის ჰუმანიტარული ტვირთით სავსე მანქანები სირიაში შესვლას თურქეთის საზღვარზე რამდენიმე კვირა უშედეგოდ ელოდნენ.

რუსეთის ოფიციალური წყაროების მიხედვით, ქალაქის დატოვების მსურველებისთვის დამატებით ორი ახალი დერეფანი გაიხსნა: ერთი ლტოლვილებს თურქეთის საზღვართან გაიყვანს, მეორე კი ქალაქ იდლიბთან. აქამდე 6 ჰუმანიტარული დერეფანი მოქმედებდა. რუსეთის თქმით, ალეპოს დატოვების მსურველებისთვის იარაღის ჩაბარება სავალდებულო არ არის.

XS
SM
MD
LG