ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირაკლი ალასანია ატლანტიკურ საბჭოში გამოვიდა


„უკრაინის შემდეგ, ჩვენ საქართველოს და სხვა ასპირანტი ქვეყნების ნატოში გაწევრიანების შესახებ უნდა ვმსჯელობდეთ“ - ირაკლი ალასანია

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ დასავლეთმა ნატოს წევრობა ასპირანტ ქვეყნებს თავად უნდა შესთავაზოს და უკრაინაში რუსეთის ქმედების საპასუხოდ საქართველოში „თავდაცვითი საშუალებები“ გნალაგოს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ვაშინგტონში, არასამთავრობო კვლევით ინსტიტუტ -ატლანტიკურ საბჭოში- გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ვსაუბრობთ წევრობის სამოქმედო გეგმაზე, მაგრამ რეალურად არ ვიცით, როგორ დასრულდება ეს დისკუსიები. თუმცა, გულწრფელად რომ გითხრათ, უკრაინის შემდეგ, ჩვენ საქართველოს და სხვა ასპირანტი ქვეყნების ნატოში გაწევრიანების შესახებ უნდა ვმსჯელობდეთ“ - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს შემდგომ ქმედებებში შეერთებული შტატების ლიდერობის აუცილებლობას და ამერიკელების და ევროპელების ერთიანი პოზიციის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

ორდღიან კონფერენციაზე „ერთიანი და თავისუფალი ევროპისკენ“ სხვა ოფიციალურ და არაოფიციალურ პირებს შორის სიტყვით შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი; სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი: ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ; ჩეხეთის, ესტონეთის და მონტენეგროს თავდაცვის მინისტრები გამოვიდნენ. კონფერენციაზე ევროკავშირის გაფართოების საკითხებთან ერთად ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მომავალზეც ისაუბრეს.
XS
SM
MD
LG