ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფხაზები „დუ შაშის“ მოლოდინში


მომავალ კვირას, ოკუპირებული აფხაზეთი დომინოში მსოფლიოს რიგით მერვე ჩემპიონატს უმასპინძლებს. შეჯიბრება სოხუმში ორშაბათს აიღებს სტარტს და ოთხი დღე გასტანს. აფხაზები დომინოს ჩემპიონატზე 30 ქვეყნის ეროვნულ გუნდს ელიან.

სოხუმში მსოფლიო ჩემპიონატის გამართვას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. სეპარატისტები იმედოვნებენ, რომ ამით "აფხაზეთის ცნობადობა" მსოფლიოში კიდევ უფრო გაიზრდება და ეს აღიარების პოლიტიკის გააქტიურებას შეუწყობს ხელს.

"სახელმწიფო ბიუჯეტიდან" ამ სპორტულ-პოლიტიკური ღონისძიების ღირსეულად გასამართად 20 მილიონი რუსული რუბლი, დაახლოებით 700 ათასი ამერიკული დოლარი გამოიყო. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 100 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენს.

გუნდურ შეჯიბრში გამარჯვებული 24 ათასს დოლარს მიიღებს, 8 ათასი კი ინდივიდუალურ ასპარეზობაში გამარჯვებულს დარჩება. ჩემპიონატამდე ხუთი დღით ადრე აფხაზებს მხოლოდ ერთი თავის ტკივილი აქვთ - საქართველოს ხისტი პოზიცია. სოხუმის "საგარეო საქმეთა მინისტრის" მაქსიმ ღვინჯიას თქმით, თბილისი მსოფლიო ჩემპიონატის ჩასაშლელად ყველაფერს აკეთებს

„ამერიკის დომინოს ფედერაციის პრეზიდენტი ამ მიზნით მიწვეული იქნა ამერიკაში საქართველოს საელჩოში, შემდეგ მიიწვიეს სახელმწიფო დეპარტამენტში. ამის მიუხედავად, მან დაგვიდასტურა, მისი დიდი სურვილი ჩამოვიდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - არ შეშინდა.

მე დავახასიათებ ამ სიტუაციას ასე, საქართველოსთვის მისაღებია ყველაფერი, რაც ჩვენ ხელს გვიშლის, აქ რომ ჩავატაროთ ბავშვთა სიმღერის ფესტივალი, ლოზუნგით, რომ დავაპუროთ ბავშვები, საქართველო ამასაც შეეწინაღმდეგებოდა.

საქართველოს წინააღმდეგობა დომინოს ჩემპიონატის წინააღმდეგ არის გამოხატულად მტრული და სულელური მოქმედება. რა თქმა უნდა, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ადექვატური რეაქციის იმედი ჩვენ არ უნდა გვქონდეს. ჩვენ კონცეტრაცია უნდა მოხადინოთ, სტუმრების მიღებაა და ღირსეულად ჩავატაროთ ჩემპიონატი.“

ოკუპირებულ სოხუმში მსოფლიო ჩემპიონატის გამართვა, 2010 წლის გაზაფხულზე, ლას ვეგასში დომინოს საერთაშორისო ფედერაციის ანსამბლეაზე გადაწყდა. რუსეთის დომინოს ფედერაციასთან ერთად, ამ გადაწყვეტილებას, უშუალოდ ლობირებდა, საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ვენესუელელი ლუკას გიტარდი.

სოხუმში ყველაზე მეტ სტუმარს ცენტრალური და სამხრეთ ამერიკიდან ელიან, სადაც განსაკუთრებით პოპულარულია დომინო. ყველაზე მრავალრიცხოვანი დელეგაცია კი სწორედ ვენესუელას ეყოლება.

ჩემპიონატის მონაწილეები კარიბის ზღვის აუზიდან, ჯერ ვენესუელაში ჩავლენ და შემდეგ, ვენესუელას პრეზიდენტის უგო ჩავესის მიერ სპეციალურად გამოყოფილი თვითმფრინავით, სოჭის გავლით, ოკუპირებულ სოხუმში ჩამოფრინებიან.

ევროკავშირის ქვეყნებიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ელიან ესპანეთის ნაკრებს. სოხუმში ასევე ჩავლენ რუსეთის, სომხეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ნაკრებები.

თავად აფხაზეთის დომინოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატებზე ჯერ კიდევ 2006 წლიდან მონაწილეობს. სოხუმის დომინოს ფედერაციის პრეზიდენტი არტურ გაბუნია ამბობს, რომ საქართველო ჩემპიონატს ვეღარ ჩაშლის

„დომინოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პოლიტიკა სპორტში არ უნდა ავურიოთ. ჩვენთან, მსოფლიო ჩემპიონატზე ჩამოვლენ 30-ზე მეტი ქვეყანა, მათ უკვე შემოიტანეს განაცხადი.

მე ვფიქრობ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი აქ მაღალ დონეზე გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს აქვთ მცდელობა ჩაშალონ ჩემპიონატი, მათ ეს არ გამოუვათ.“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ჯერ კიდევ სექტემბრში გააფრთხილა დომინოს საერთაშორისო ფედერაცია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩასვლით საქართველოს კანონმდებლობას დაარღვევენ. დომინოს რამდენმა მოყვარულმა მიუგდო ყური ამ გაფრთხილებას ეს მომავალ კვირას გამოჩნდება.

ჯერჯერობით, ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები ვრცელდება, აფხაზეთში ამერიკის შეერთებული შტატების დომინოს ნაკრების ჩასვლის შესახებ. ამერიკის დომინოს ფედერაციის პრეზიდენტი მანუელ ოქუენდო რამდენჯერმე დაიბარეს სახელმწიფო დეპარტამენტში, თუმცა, აფხაზები ამტკიცებენ, რომ ის მაინც აპირებს ოკუპირებულ სოხუმში ჩასვლას.

მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ასევე გეგმავენ დომინოში დღეისათვის უძლიერესი ქვეყნები: დომინიკის რესპუბლიკა და მექსიკა. პარლამენტარი ნუგზარ წიკლაური ამბობს

„ჩვენი პოზიცია ყველასთვის ნათელია, მთავარი გახლავთ, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი და ეთნიკური წმენდის შედეგად გამოძევებული მოსახლეობის საკითხი.

ნებისმიერს, რომელსაც მოუნდება, რომ განახორციელოს რაიმე სახის ღონისძიება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უნდა ესმოდეს რომ ის ამით არღვევს საქართველოს კანონს და საქართველოს ქმედებებიც იქნება შესაბამისი.“

უძველესი თამაში დომინო სპორტის სახეობად ოფიციალურად მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია აღიარებული და მათ შორის, საქართველო არ არის. შესაბამისად, ოკუპირებული აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთისგან" განსხვავებით, საქართველო არც დომინოს საერთაშორისო ფედერაციის წევრია.

დომინოს მერვე მსოფლიო ჩემპიონატს სოხუმში, ლაკობას ქუჩაზე მდებარე, სამვარსკვლავიანი სასტუმრო „ინტერ სოხუმი“ უმასპინძლებს, 17 ოქტომბერს მსოფლიო ჩემპიონატს Эაფხაზთა ახალი პრეზიდენტიЭ ალექსანდრე ანქვაბი გახსნის.

XS
SM
MD
LG