ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი ადასტურებს, რომ რუსეთში დაკავებულ 2 ამერიკელთაგან ერთ-ერთი ჯარისკაცია


შეერთებული შტატების არმიამ დაადასტურა, რომ გასულ კვირაში რუსეთში ამერიკელი ჯარისკაცი დააკავეს. შეიარაღებული ძალების ცნობით, ჯარისკაცი საპორტო ქალაქ ვლადივოსტოკში იმყოფებოდა, მაგრამ ამ ვიზიტის ოფიციალური მიზეზი ან უფლება, ავტორიზაცია, მას მიღებული არ ჰქონია. ჯარისკაცი, რუსეთში ახლახან დაკავებულ ორ ამერიკელთაგან ერთ-ერთია.

არმიის სპიკერმა სინტია სმიტმა სამშაბათს განაცხადა, რომ შტაბის სერჟანტი გორდონ ს. ბლექი იმყოფებოდა სამხრეთ კორეაში და უარი თქვა მოვალეობის მუდმივ შეცვლაზე 10 აპრილს ტეხასის ფორტ კავაზოსკენ მიმავალ გზაზე. შეერთებულ შტატებში დაბრუნების ნაცვლად, ბლეკი, ჩინეთის გავლით, "პირადი მიზეზების გამო" ვლადივოსტოკში გაფრინდა.

„ბლექს არ მოუთხოვია ოფიციალური ნებართვა და [თავდაცვის] დეპარტამენტს მისთვის არ მიუცია ჩინეთსა და რუსეთში გამგზავრების თაობაზე თანხმობა“, - თქვა არმიის სპიკერმა.

შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა „ამერიკის ხმას“ უთხრეს, რომ როგორც ჩანს, ჯარისკაცი რუსეთში იმ ქალის სანახავად გაემგზავრა, რომელთანაც რომანტიკულ ურთიერთობაში იყო.

პენტაგონის პრესმდივნის მოადგილემ საბრინა სინგმა სამშაბათს განუცხადა ჟურნალისტებს, რომ არმია იძიებს ინციდენტს და რომ თავდაცვის დეპარტამენტის საგარეო ნებართვების სახელმძღვანელოს თანახმად, რუსეთში ნებისმიერი გამგზავრება "მკაცრად აკრძალულია".

თეთრმა სახლმა სამშაბათს განაცხადა, რომ დაადასტურა ამერიკის მოქალაქეების რუსეთში დაკავების "ორი ცალკეული ინციდენტი", მეორე დაკავებულის დასახელების გარეშე.

რუსი ოფიციალური პირების განცხადებით, მეორე დაკავებული ამერიკელი უილიამ რასელ ნიკუმია. რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, ის 10 დღის წინ, მოსკოვში, წვრილმანი ხულიგნობისა და ალკოჰოლის მოხმარების ბრალდებით დააკავეს.

„სახელმწიფო დეპარტამენტი აქტიურად ეძებს საკონსულო დაშვებას ორივე პირთან, რომელთაგან არცერთი არ იმყოფება რუსეთში ამერიკის მთავრობის სახელით ან ამერიკის მთავრობასთან აფილიაციით“,- განუცხადა ჟურნალისტებს თეთრი სახლის სპიკერმა კარინ ჟან-პიერმა.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა 3 მაისს მოსკოვში შეერთბული შტატების საელჩოს აცნობა, რომ ბლეკი ერთი დღით ადრე ვლადივოსტოკში, პირადი ქონების ქურდობისთვის დააკავეს. არმიის სპიკერმა სინტია სმიტმა თქვა, რომ ამ დროისთვის ამერიკის შეიარაღებულ ძალებს არ აქვს დამატებითი ინფორმაცია ბრალდების შესახებ და რომ ბლეკი წინასწარი პატიმრობის დაწესებულებაში მისი საქმის მომავალ მოსმენამდე დარჩება.

XS
SM
MD
LG