ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დევიდ კამერონს დონალდ ტრამპმა ფლორიდაში უმასპინძლა


დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ კამერონს ორშაბათს ფლორიდაში უმასპინძლა. მოსალოდნელი რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატის ფლორიდის შტატში მდებარე სახლში გამართულ სადილზე, მათ უკრაინაში მიმდინარე ომი და „ნატოს ქვეყნების მიერ თავდაცვის ხარჯების მოთხოვნების დაკმაყოფილების აუცილებლობა“ განიხილეს. ამის შესახებ ტრამპის კამპანიამ სამშაბათს განაცხადა.

შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში დევიდ კამერონი სამშაბათს შეხვდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს და გააგრძელებს შეხვედრებს კონგრესის ლიდერებთან უკრაინისთვის დახმარების პაკეტის დამტკიცების აუცილებლობაზე სასაუბროდ.

ტრამპის კამპანიის ინფორმაციით, მარ-ა-ლაგოში ვახშმის დროს, მათ „შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოში მოახლოებულ არჩევნებზე და ნატოს წევრების მიერ თავდაცვის ხარჯების მოთხოვნების დაკმაყოფილების საჭიროება და უკრაინაში სისხლისღვრის დასრულება განიხილეს“, - ნათქვამია ტრამპის კამპანიის განცხადებაში.

ვაშინგტონში ბლინკენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე კამერონმა განაცხადა, რომ ვახშამი შეესაბამებოდა ბრიტანეთის მთავრობის მინისტრების წარსულ პრეცედენტს, როცა ვიზიტით ჩამოსული მაღალჩინოსნები ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთანაც მართავენ შეხვედრებს. კამერონმა უარი თქვა ტრამთან საუბრის დეტალების გამჟღავნებაზე.

"(ჩვენ) განვიხილეთ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური თემები", - თქვა მან.

ბრიტანეთის საელჩოს სპიკერმა განაცხადა, რომ კამერონი არ შეხვდება რესპუბლიკელ წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონს, დროის გამონახვის სირთულის გამო. გასულ კვირას კემერონმა ჯონსონს მოუწოდა უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის დამტკიცებისკენ, რომელიც თვეების განმავლობაში შეჩერებულია ამერიკის კონგრესში.

XS
SM
MD
LG