ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლარიზაციის მიუხედავად, ამერიკული ღირებულებების საკითხებში აშშ-ის მოქალაქეები კვლავ თანხმდებიან


ახალი გამოკითხვის თანახმად, ქვეყანაში არსებული ღრმა პოლიტიკური პოლარიზაციის მიუხედავად, ამერიკელთა უმრავლესობა იზიარებს ბევრ ძირითად შეხედულებას იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ამერიკელი.

„ასოშეიტედ პრესის“ საზოგადოებრივი საქმეების კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ 10-დან 9 ზრდასრული ამერიკელის აზრით, საარჩევნო ხმის უფლება, კანონით გათვალისწინებული თანაბარი დაცვა და პირადი ცხოვრების საიდუმლოების უფლება უკიდურესად მნიშვნელოვანია ან ძალიან მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების, როგორც ქვეყნის იდენტობისთვის. გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ ამერიკელთა 84 პროცენტი რელიგიის თავისუფლების შესახებაც იმავეს ფიქრობს.

გამოკითხვის შედეგებმა, რომელიც სხვადასხვა ტიპის თავისუფლებებსა და უფლებებზე შეხედულებებს მოიცავდა, რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის მხოლოდ მცირე განსხვავებები აჩვენა. გამონაკლისი იყო იარაღის ტარების უფლების საკითხი, სადაც რესპუბლიკელებისგან მეტად არის მოსალოდნელი, რომ ეს ქვეყნის იდენტობის ერთ-ერთ ძირითად მაჩვენებლად ჩათვალონ.

გამოკითხვის ზოგადი შედეგები ბევრი ანალიტიკოსისთვის შთამბეჭდავია, რადგან ეს მონაცემები საზოგადოებაში უკიდურესი დაყოფის პერიოდში გამოვლინდა, როდესაც პოლიტიკური შეთანხმებები იშვიათად ხდება და საპრეზიდენტო არჩევნების წელს, პოტენციური ძალადობის შესახებ შფოთვაც გაძლიერებულია.

შედარებით პესიმისტური შეფასება სხვა შედეგებმა გამოიწვია. ყოველი 10 ამერიკელიდან მხოლოდ 3-ს სჯერა, რომ ქვეყნის დემოკრატია "კარგად მუშაობს". დაახლოებით ნახევარი ამბობს, რომ შეერთებული შტატები "ცუდად მოქმედი დემოკრატიაა", 14 პროცენტი კი ამბობს, რომ შეერთებული შტატები "დემოკრატია არ არის".

ექსპერტები ამბობენ, რომ ქვეყნის ფუნდამენტურ ღირებულებებზე ფართო კონსენსუსსა და მთავრობის მუშაობით უკმაყოფილებას შორის დისონანსი სიურპრიზს არ წარმოადგენს. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ამის მიზეზი ნაწილობრივ ის არის, რომ ლიდერები ამომრჩევლის განწყობებს არ წარმოაჩენენ და მათი საქციელი ელექტორატთან შედარებით, ბევრად უფრო პოლარიზებულია.

გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ არსებობს მტკიცე თანხმობა, ქვეყნის იდენტობისთვის ზოგიერთი საკვანძო ღირებულების მნიშვნელობის შესახებ. ამერიკელთა დაახლოებით სამი მეოთხედი თანხმდება, რომ დემოკრატიულად არჩეული მთავრობა უკიდურესად ან ძალიან მნიშვნელოვანია და 10-დან 8 ერთნაირად ფიქრობს, რომ ამერიკაში მცხოვრებ ადამიანებს კარგი სამსახურის ქონის და ე.წ. "ამერიკული ოცნების" ახდენის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.

მაგრამ ამ ოცნების ახდენა რას ნიშნავს და ამერიკული კულტურისთვის რომელი ღირებულებებია მეტად ფუნდამენტური, ამ მიმართულებით ბევრ საკითხზე ამერიკელთა უმრავლესობა ვერ თანხმდება.

დემოკრატების 71 პროცენტს, რესპუბლიკელების 38 პროცენტთან შედარებით, უფრო სავარაუდოა სჯეროდეს, რომ მსოფლიოს ნებისმიერი ნაწილიდან შეერთებულ შტატებში ჩამოსვლა, რათა ძალადობას გაექცნენ ან უკეთესი ეკონომიკური შესაძლებლობები იპოვონ, ქვეყნის იდენტობისთვის ძირითადი მახასიათებელია. რესპუბლიკელთა უმრავლესობა, 58 პროცენტი, დემოკრატების 18 პროცენტთან შედარებით, ფიქრობს, რომ ქრისტიანულ ღირებულებებზე და რწმენაზე დაფუძნებული კულტურა, ასევე, ქვეყნის ძირითადი მახასიათებელიაა.

დემოკრატიის, როგორც სისტემის შესახებ, გამოკითხვამ აზრთა მცირე განსხვავება აჩვენა, მაგრამ ერთი თვალშისაცემი გარღვევა გამოკვეთა:

18-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ამერიკელები, 60 წლის და უფრო უფროსი ასაკის ამერიკელებთან შედარებით, ნაკლებად ამბობენ, რომ ამერიკა "კარგად მოქმედი დემოკრატიაა". მათ უფროსი ასაკის ამერიკელებთან შედარებით, ასევე ნაკლებად სჯერათ, რომ ზოგიერთი მახასიათებელი, მათ შორის დემოკრატიულად არჩეული მთავრობა, არსებითია ამერიკის, როგორც ქვეყნის "ხასიათისთვის".

გამოკითხვა 2024 წლის 21-25 მარტს ჩატარდა. ცდომილების ზღვარი 3.8 პროცენტია.

XS
SM
MD
LG