ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორპარტიული ძალისხმევა უკრაინის დახმარების კანონპროექტის მხარდასაჭერად


15 თებერვალს, წარმომადგენელთა პალატის უკრაინელ მეგობართა ჯგუფმა პრეს-კონფერენცია გამართს, რომლის დროსაც ჟურნალისტებმა კონგრესის წევრებს დაუსვეს კითხვები დახმარების დაფინანსების შეფერხებულ კანონპროექტზე და კენჭისყრაზე გატანის წინააღმდეგობის დაძლევის გზებზე.

ჟურნალისტებს სურდათ კონგრესის წევრებისგან მიეღოთ ინფორმაცია მოქმედების გეგმაზე იმ შემთხვევაში, თუ დამატებითი დახმარების საკითხი საერთო კენჭისყრაზე არ გამოვიდოდა.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა სამხრეთ კაროლინიდან ჯო უილსონმა განაცხადა, რომ რესპუბლიკელებს სურთ უკრაინის, ტაივანის და შეერთებული შტატების საზღვრების დაცვა, ის სრულად ენდობა სპიკერ მაიკ ჯონსონს და სჯერა, რომ სპიკერი ასეთი კანონის მისაღებად ყველაფერს გააკეთებს.

„ამერიკის ხმის“ უკრაინული სამსახურის ჟურნალისტის კითხვაზე, არსებობს თუ არა რაიმე გზა, რომ ეს მისი გვერდის ავლით გაკეთდეს, კონგრესმენმა უილსონმა თქვა, რომ ეს ნორმალური უთანხმოებებია და რესუბლიკელები და დემოკრატები ამერიკელი ხალხის ინტერესების შესაბამისად ერთობლივად იმუშავებენ.

დემოკრატმა წარმომადგენელმა ტეხასიდან შილა ჯექსონ ლიმ თქვა, რომ ისინი იმედს არ კარგავენ:

„სპიკერები, ლიდერები ბევრ რამეს ამბობენ. არის კონგრესის ბევრი წევრი. ვფიქრობთ არის 300 წევრი, რომელიც მზად არის ამ პაკეტს ხმა ახლა მისცეს... ნამდვილად მჯერა, როგორც კონგრესმენმა უილსონმა თქვა, ჩვენ ამას გადავწყვეტთ. იქნება კენჭისყრა და დავიწყებთ იმ დოლარების გადასროლას ყველა ადგილზე, სადაც მათი საჭიროება არსებობს“, თქვა შილა ჯექსონ ლიმ.

ნიუ ჯერსის წარმომადგენელმა ბილ პასკრელმა თქვა, რომ ხმები არის. ამის შესამოწმელად ესაუბრნენ ადამიანებს ორივე პარტიიდან. საჭიროა მხოლოდ კენჭისყრაზე გატანა და უმრავლესობა გადაწყვეტილებას მიიღებს. მან თქვა, რომ რესპუბლიკური პარტიის შიგნით როგორი პრობლემებიც არ უნდა არსებობდეს, უკრაინელი ხალხისთვის უსაფრთხოების შექმნასთან შედარებით ეს მეორეხარისხოვანია.

„ამერიკის ხმამ“ კონგრესმენებს ჰკითხა, იმის გათვალისწინებით, რომ მათი ზოგიერთი კოლეგის არგუმენტები რუსული პროპაგანდის სარკისებურ ანარეკლს ჰგავს, თუ სჯერათ, რომ არის ზოგიერთი კანონმდებელი, რომელიც კრემლის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა თქვა:

„ნამდვილად მჯერა, რომ ხმები რუსულ გავლენაზე ადრე უკვე გვესმოდა. არ მჯერა, რომ ის არსებობს, მაგრამ ვიცი, რომ არის უბრალოდ უთანხმოება. ჩემს პარტიაში ტრადიციულად გვყავდა ჯგუფი, რომელიც ერთგვარად იზოლაციონისტია. მე რონალდ რეიგანის პარტიას ვეკუთვნი და ეს ნიშნავს მშვიდობას ძლიერების მეშვეობით... მჯერა, რომ უკრაინელი ხალხი გაიმარჯვებს. გამარჯვება ნიშნავს ტერიტორიულ მთლიანობას და ამ პოზიციაზე უნდა დავრჩეთ. მინსკის შეთანხმებით შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ და თვითონ რუსეთმაც განაცხადეს, რომ უკრაინელი ხალხისთვის ტერიტორიული მთლიანობა უნდა შენარჩუნდეს.“

არის ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, რომ სპიკერ ჯონსონს კანონპროექტის კენჭისყრაზე გატანა არ სურს, რადგან შიშობს რომ ე.წ. „მაგა“ რესპუბლიკელების ოპოზიციით შესაძლოა თანამდებობა დაკარგოს. „ამერიკის ხმამ“ დემოკრატ კონგრესმენებს ჰკითხა, ასეთ შემთხვევაში დაეხმარებიან თუ არა რესპუბლიკელ სპიკერს, თანამდებობა შეინარჩუნოს.

კონგრესმენმა ბილ პასკრელმა თქვა:

„მიმაჩნია, რომ ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ. სერიოზულად ვფიქრობ, რომ ეს უნდა გავაკეთოთ. ახლა სიცოცხლესა და სიკვდილზე ვსაუბრობთ. არ ვლაპარაკობთ იმაზე, თუ მომავალში რა მოხდება. და ახლა, თქვენ იცით როგორია ვითარება, ალბათ ჩემზე უკეთესად, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც უნდა გააკეთო, რაღაც ხელშესახები და ლაპარაკი უნდა დასრულდეს. გვინდა ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს“.

კითხვაზე, ეს მარტამდე მოხდება თუ არა, კონგრესმენებმა თქვეს:

ჯო უილსონი: „არ ვიცით როდის. არასდროს ვიცით“.

ბილ პასკრელი: „იცით, არის დიდი წნეხი რომ ამას ერთი ან ორი დღით დავუბრუნდეთ და დავასრულოთ. მე ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ მაქვს. ჩვენ ადამიანების სიცოცხლეებზე ვსაუბრობთ“.

„ამერიკის ხმამ“ კონგრესმენებს ჰკითხა, კანონპროექტის მიღების გაჭიანურების შემთხვევაში, ადმინისტრაციამ უნდა გამოიყენოს თუ არა პრეზიდენტის საგანგებო უფლებამოსილება (PDA - Presidential Drawdown Authority) უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მისაწოდებლად, რაზეც კონგრესმენებმა გადაჭრით დადებითი პასუხი გასცეს.

XS
SM
MD
LG