ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ, ევროპელი ლიდერები და დიპლომატები, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გმობენ


მეთიუ მილერი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი
მეთიუ მილერი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი

„ეს სიკვდილი არის ნათელი მაგალითი იმ ნგრევისა, რომელსაც რუსეთი იწვევს საქართველოსა და სხვა სუვერენული ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციით“ - ამ განცხადებით გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი 6 ნოემბერს, კირბალში განვითარებულ მოვლენებს.

სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, მილერი წერს, - „ამერიკის შეერთებული შტატები გმობს საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას და მწუხარებას გამოთქვამს.“

6 ნოემბერს, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) განაცხადა, რომ სოფელ კირბალის მიმდებარედ, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას, ოკუპანტებმა ისროლეს და საქართველოს მოქალაქე სასიკვდილოდ დაჭრეს. ასევე, გატაცებულია ერთი მოქალაქე.


მომხდარს განცხადებით გამოეხმაურა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეპ ბორელი.

“ევროკავშირი კატეგორიულად გმობს კირბალში რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და კიდევ ერთი მოქალაქის დაკავებას. ჩვენ მოვიწოდებთ მისი დაუყოვნებელი გათავისუფლებისკენ.

რუსეთის სამხედრო ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, უკანონოა“, - წერს ბორელი სოციალურ ქსელ X-ზე.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩი და თქვა, რომ საქართველოს შეუძლია რუსეთის საზიანო ქმედებების დასასრულებლად, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. „გერმანიის მთავრობის სახელით გულწრფელ მწუხარებას გამოვთქვამ რუსეთის ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო, რომელიც აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უკანონო დარღვევას“, - წერს სოციალურ ქსელში ელჩი პეტერ ფიშერი.

„ვგმობ რუსეთის უსაფრთხოების ძალების მიერ, საქართველოს მოქალაქეების მკვლელობას. მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ საქართველოს დაკავებული მოქალაქე და შეწყდეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის უკანონო ყოფნა“ - ეს არის განცხადება, რომელიც მომხდართან დაკავშირებით, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ გააკეთა.

„შოკირებული ვარ რუსეთის ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის გამო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს. რუსეთმა უნდა დაასრულოს ქართულ მიწაზე არალეგალური ყოფნა და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული", - წერს სოციალურ ქსელ X-ზე საქართველოში ბრიტანეთის ელჩი, მაიკლ კლეიტონი.

საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ასევე სოციალურ ქსელში აფასებს ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი. „დამწუხრებული ვარ საქართველოს ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონის ადმინისტრაციულ ზონასთან ახლოს მყოფი რუსი ოფიცრების მიერ, საქართველოს მოქალაქის [მისამართით] სასიკვდილო სროლის გამო. ვუსამძიმრებ ოჯახს და საქართველოს ხელისუფლებას. მოვითხოვ მეორე გატაცებულის გათავისუფლებას“, - წერს ბურიჩი.

საქართველოს ხელისუფლების განცხადებები

„რთულია განსაჯო წარსულში საკითხები, თუმცა, ფაქტი რჩება ფაქტად, ეს არის ის მემკვიდრეობა, რაც წინა ხელისუფლებამ დატოვა ოკუპაციის სახით. „ქართული ოცნების“ მთავარი პოლიტიკა მდგომარეობს იმაში, რომ არის გააზრება, რომ საფრთხეები სერიოზულია“, - ასე გამოეხმარა მომხდარს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს. „მინდა თანაგრძნობა გამოვუცხადო ჩვენი მოქალაქის ოჯახს, გუშინ ეს მკვლელობა რაც მოხდა, სჭირდება დასჯილი იყოს ის ადამიანები, ვინც ეს ჩაიდინა. კარგია, რომ გუშინ გვიან ღამევე შედგა შეხვედრა და ეს საკითხები იყო დაყენებული, მათ შორის სადამკვირვებლო მისიის წინაშეც. ველით საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან შეფასებებს და დამნაშავეების დასჯას, მთავრობა ამ მხრივ ძალიან აქტიურია“,- აღნიშნა პაპუაშვილმა. მისი თქმით, დამანაშავე საქართველოს უნდა გადაეცეს.

მომხდარს გუშინვე წერილობითი განცხადებით გამოეხმაურა საქარველოს პრემიერ-მინისტრი. მისი შეფასებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი მკვლელობა ოკუპაციის მძიმე შედეგებზე მეტყველებს. პრემიერმა საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდა.

„მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოახდინოს მომხდარზე, ასევე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ითანამშრომლონ ყველა მხარესთან დამნაშავის გამოსავლენად და დასასჯელად“, - ნათქვამია ღარიბაშვილის განცხადებაში.

რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედება, ქართულ სახელმწიფოებრიობაზე უხეშ თავდასხმად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა.

"ქართულ სახელმწიფოებრიობაზე ეს უხეში თავდასხმა კიდევ ერთხელ ამხელს „ერთმორწმუნე ძმის" ნამდვილ სახეს. სასწრაფოდ მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, ცალსახად დაგმოს რუსეთის ქმედებები, რომელიც უხეშად და ურცხვად არღვევს ყველა საერთაშორისო ნორმას",- დაწერა სალომე ზურაბიშვილმა, 6 ნოემბერს, X-ზე. პრეზიდენტი დღეს კირბალში ჩავიდა.

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები

„ამ ტრაგედიის შემდეგ ვხედავთ დიდ დანაშაულს და უდიდეს უსამართლობას „ქართული ოცნების“ მხრიდან. ოკუპაციაში თურმე რუსეთი კი არა, წინა ხელისუფლება ყოფილა დამნაშავე. ეს ხომ ზუსტად ის რუსული ნარატივია, რომელიც 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებდა. ეს ყველაფერი ამ ნარატივის, რუსული პროპაგანდის გაგრძელებაა“, - ასე აფასებს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთხებულ განცხადებებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე. ვაშაძის თქმითვე, აღსანიშნავია, რომ თამაზ გინტური საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს და მას საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთავს.


პარტია „საქართველოსთვის“ წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია საოკუპაციო ხაზთან მომხდარი მკვლელობის თაობაზე ხელისუფლებას მიმართავენ, პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებენ. დეპუტატები მოუწოდებენ ხელისუფლებას, წარმოადგინოს გეგმა, როგორ აპირებს პასუხისგებაში მისცეს კირბალში მომხდარი მკვლელობის ჩამდენი პირები, ასევე გააძლიეროს უსაფრთხოების ჩარჩო “ქვეყანაში უკონტროლოდ შემომავალი რუსეთს მოქალაქეების გაკონტროლებისა და უკვე შემოსული რუსებისთვის კონტროლის გაძლიერების მიმართულებით”.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საოკუპაციო ძალების მოქმედებებს საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა.

არჩილ ტატუნაშვილის შესახებ

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად. 23 თებერვალს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ტატუნაშვილმა ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია და იარაღი წაართვა, მისი განეიტრალების მიზნით ძალის გამოყენებისას კი, კიბეზე დაგორდა და მოგვიანებით ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სავარაუდოდ, გულის უკმარისობით. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს 26 დღის შემდეგ, 20 მარტს გადასცა სოფელ ერგნეთთან მდებარე ე.წ. ნეიტრალურ ზონაში.

„ექსპერტიზის დასკვნით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულის სხვადასხვა მიდამოში 100-ზე მეტი დაზიანება აღენიშნებოდა. სამედიცინო ექსპერტიზა საუბრობს იმაზე, რომ ეს დაზიანებები მიყენებულია მრავალგზის, მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, რაც გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, არჩილ ტატუნაშვილი იყო ნაწამები და მისი გარდაცვალება გამოიწვია წამებამ“, - ამბობდა ოჯახის ადვოკატი, თამარ ავალიანი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩატარებული ექსპერტიზის შესახებ.

გიგა ოთხოზორიას შესახებ

30 წლის გიგა ოთხოზორია ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის “მესაზღვრემ” - რაშიდ კანჯიოღლიმ მოკლა. შემთხვევა აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან 2016 წლის 19 მაისს მოხდა. საქართველოს პროკურატურამ რაშიდ კანჯიოღლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 21 მაისს დაიწყო.

2018 წლის 11 იანვარს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციასთან - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) - თანამშრომლობით გიგა ოთხოზარიას საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რუსეთის ფედერაცის წინააღმდეგ, საჩივრით მიმართა.

XS
SM
MD
LG