ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის კონგრესი: რუსეთის კიბერ-თავდასხმების რისკი მაღალია


შეერთებულმა შტატებმა საქმის გახმაურებამდე რამდენიმე ხნით ადრე შეატყობინა საფრანგეთს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთმა მათი კომპიუტერული სისტემები გატეხა. ამის შესახებ განცხადება კონგრესის სხდომაზე ხუთშაბათს გაკეთდა.

დაზვერვის კომიტეტში გამართულ საგანგებო მოსმენაზე ჩვენება ადმირალმა მაიკ როჯერსმა მისცა. ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორმა კანონმდებლებს მოახსენა, რომ მათ მნიშვნელოვნად ჩათვალეს არჩევნებზე საფრანგეთის ოფიციალური წრეების ინფორმირება რუსეთის მხრიდან კიბერ-აქტიურობის თაობაზე.

საუბარია საფრანგეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის კამპანიაზე მიტანილ იერიშზე, რომლის შედეგადაც საპრეზიდენტო არჩევნებამდე 36 საათით ადრე სოციალურ ქსელებში დიდი მოცულობით მასალამ გაჟონა.

საფრანგეთის ოფიციალური პირების ცნობით, გამოქვეყნებული ინფორმაციის ნაწილი ყალბია. დასტურდება, რომ გატეხილია მაკრონის და მისი საარჩევნო კამპანიის მენეჯერების პირადი ანგარიშები. რუსეთი უცხო ქვეყნებში მიმდინარე არჩევნებზე კიბერ-იერიშებით ჩარევის მცდელობის ბრალდებას კვლავ უარყოფს.

პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტომ ბოსერტმა, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებზე კიბერ-თავდასხმის რისკები იზრდება. ხუთშაბათს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც ამ მიმართულებით ფედერალური მთავრობის და ქვეყნის ინფრასტრუქტურის თავდაცვისუნარიანობას გაზრდის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG