ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს „ამერიკის ხმა“ მაუწყებლობის 75 წლის იუბილეს აღნიშნავს.
1942 წლის 1 თებერვალს, დაახლოებით 7 კვირის შემდეგ, რაც შეერთებული შტატები ოფიციალურად ჩაერთო მეორე მსოფლიო ომში, ნიუ-იორკის პატარა სტუდიიდან
მოკლეტალღოვანი რადიო სიხშირით პირველი 15 წუთიანი რადიო პროგრამა გადაიცა, რომლის მოსმენაც გერმანიასა და მთელ მსოფლიოში იყო შესაძლებელი.

ამერიკული პატრიოტული სიმღერა „რესპუბლიკის საომარი ჰიმნი“ - პირველი იყო, რაც ამ სიხშირეზე გაისმა. შემდეგ კი გადაცემის წამყვანმა უილიამ ჰარლან ჰელიმ პირველი ფრაზა წარმოთქვა:

„ჩვენ თქვენთან ამერიკის ხმები მოგვაქვს“. დღეს და დღეიდან ყოველდღე ჩვენ მოგიყვებით ამერიკისა და ომის შესახებ. ახალი ამბები შეიძლება იყოს კარგი ან ცუდი, მაგრამ ჩვენ ყოველთვის სიმართლეს გეტყვით“.

ომის მიწურულს „ამერიკის ხმა“ უკვე 40 ენაზე მაუწყებლობდა. პროგრამას ძირითადად ახალი ამბები, კომენტარები და მუსიკა შეადგენდა. მას შემდეგ ის საერთაშორისო მულტიმედია მაუწყებლად იქცა, რომელიც დღეს 47 ენაზე მაუწყებლობს, იყენებს რადიო, სატელევიზიო და ონლაინ პლატფორმებს.

პირველი გადაცემის წამყვანის სიტყვებს ეფუძნება „ამერიკის ხმის ქარტიაც“, რომელიც კანონის მიხედვით ავალდებულებს სააგენტოს, იყოს „ინფორმაციის მუდამ სანდო და ავტორიტეტული წყარო. მის მიერ გადაცემული ცნობები კი იყოს ზუსტი, ობიექტური და მრავალმხრივი“.

„უკვე 75 წელია, რაც ჩვენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ობიექტურ ინფორმაციას ვავრცელებთ“, - ამბობს „ამერიკის ხმის“ დირექტორი ამანდა ბენეტი. „ვფიქრობ, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ ახლა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“.

ათწლეულების განმავლობაში „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ასუქებდნენ უმნისვნელოვანეს მოვლენებს.

1989 წელს, როდესაც ჟურნალისტი ჯოლიონ ნაიგელი ჩეხოსლოვაკიაში მიმდინარე დემონსტრაციებსა და კომუნისტური რეჟიმის მარცხს აშუქებდა, მსოფლიოს მეორე ნაწილში „ამერიკის ხმამ“ პეკინის ბიურო გააფართოვა ტიანანმენის მოედანზე გამართული სტუდენტური დემონსტრაციების გასაშუქებლად. ადგილობრივი რედაქციის უფროსი ალ პესინი ამ მასალების გამო ჩინეთიდან გამოაძევეს.

დღეს „ამერიკის ხმის“ მიერ მომზადებულ მასალებს 2 500-მდე ტელევიზია და რადიო ავრცელებს. 2016 წლის ბოლოსთვის კი ყველა პლატფორმის ყოველკვირეული აუდიტორიის რიცხვმა მსოფლიოში 236 მილიონ ადამიანს გადააჭარბა.

XS
SM
MD
LG