ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუსტაფა უღურლუ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ნატო-ს წარმომადგენლობაში მომსახურე თურქი ადმირალი ივლისის ბოლოდან არ ჩანს. თურქეთის მთავრობას ეჭვი აქვს, რომ ვირჯინიის შტატის ქალაქ ნორფოლკში მყოფმა ადმირალმა ამერიკას პოლიტიკური თავშესაფრის უზრუნველყოფის თხოვნით მიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, მან 22 ივლისს მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტები დატოვა და გაუჩინარდა. არც ნატო-ს, არც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს, საემიგრაციო სამსახურს, ან ამერიკის რომელიმე სხვა ფედერალურ უწყებას ამ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

თურქეთში 15 ივლისს მომხდარი წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების შემდეგ, ადმირალ უღურლუს სამშობლოში დაბრუნება და სამხედრო შპიონაჟის თაობაზე დაწყებული გამოძიებისთვის ხელშეწყობა მოსთხოვეს. საინფორმაციო სააგენტო “როიტერის” ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან კიდევ ორი ოფიცერია გამოძახებული, თუმცა სამშობლოში ჯერჯერობით არცერთი მათგანი დაბრუნებულა. ოფიციალური წყაროებით, ამერიკაში ამ ეტაპზე თურქეთის 100-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. ნაწილი ნატო-ს ბაზაზე მსახურობს, დანარჩენი გაცვლით პროგრამებში მონაწილეობს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადების მიხედვით, ქვეყნიდან ასევე გაქცეულია ორი პოლკოვნიკი, რომლებიც მანამდე საბერძნეთში მსახურობდნენ. თურქეთში გამოძახების შემდეგ, ისინი შაბათს, 6 აგვისტოს ოჯახებთან ერთად ბორნით იტალიაში გადავიდნენ.

XS
SM
MD
LG