ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ნატო-ს წესდებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. კერძოდ - ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის პრინციპს კოლექტიური თავდაცვის შესახებ, რომელიც ნატო-ს დამფუძნებელი ხელშეკრულების ქვაკუთხედად ითვლება.​

გაზეთ "ნიუ-იორკ თაიმსთან" საუბარში მან განაცხადა, რომ არჩევის შემთხვევაში, სხვა ქვეყნების დასაცავად ამერიკის შეერთებული შტატების საომარ მოქმედებებში ჩართვის თაობაზე წინაპირობების წამოყენებას გეგმავს. რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციის მფლობელი ამბობს, რომ პირველ რიგში სურს დარწმუნდეს იმაში, თუ რომელი ქვეყანა რა მოცულობით იღებს მონაწილეობას საერთაშორისო ალიანსის დაფინანსებაში და რა მოცულობით ფარავენ ისინი ალიანსის ხარჯებს თავდაცვის სფეროში. საუბარია დანახარჯებზე, რომლებსაც აქამდე უმეტესწილად შეერთებული შტატები იღებდა საკუთარ თავზე, თუმცა, ტრამპის თქმით, ამერიკას აღარ აქვს საშუალება მომავალშიც ასევე გააგრძელოს.

ინტერვიუს 27 ქვეყნისგან შემდგარი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის განცხადება მოჰყვა. იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ "მოკავშირეთა შორის სოლიდარობა ნატო-ს მთავარი ღირებულებაა". თეთრი სახლის პრეს-სპიკერი ჯოშ ერნესტი კი აცხადებს, რომ ამერიკას ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ურყევი პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს და რომ ამერიკის ვალდებულებები ეჭვქვეშ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დადგეს.

XS
SM
MD
LG