ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის ახალ პრემიერს კადრების გამო აკრიტიკებენ


გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერ-მინისტრს, რომელმაც პოსტი გუშინ გადაიბარა, კაბინეტის წევრების შერჩევის გამო უკვე აკრიტიკებენ. ევროპის პარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცი დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში ამბობს, რომ პრემიერი ტერეზა მეი საკუთარი არჩევანით ერთგვარ “ხიფათით მოცულ ბოროტების წრეში” ექცევა, რომელიც საბოლოო ჯამში დიდ ბრიტანეთს დააზარალებს.

მარტინ შულცის აზრით, ახალმა პრემიერმა ბრიტანეთის ეროვნული ინტერესების ნაცვლად, პრიორიტეტად პარტიის შიდა პოლიტიკური პრობლემების მოგვარება დაისახა. ბევრი გააკვირვა საგარეო საქმეთა მდივნად ლონდონის ყოფილი მერის ბორის ჯონსონის დასახელებამ, ადამიანის, რომელიც ევროპის კავშირის დატოვების კამპანიას უძღვებოდა. კაბინეტის წამყვან პოსტებზე ევროკავშირიდან გამოსვლის სხვა მომხრეებიც დაინიშნენ, მათ შორის - ფინანსთა მინისტრი ფილიპ ჰამონდი და შინაგან საქმეთა მინისტრი ემბერ რუდი.

ტერეზა მეიმ პრემიერის პოსტზე გაკეთებულ პირველ საჯარო გამოსვლაში აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთისთვის ევროპის კავშირის დატოვება “ეროვნულ გამოწვევას” წარმოადგენს, რომელთან გამკლავებასაც მისი ქვეყანა აუცილებლად შეძლებს. ახალმა პრემიერმა გამოსვლაში ყურადღება ძირითადად სოციალური უთანასწორობის საკითხზე გაამახვილა და თქვა, რომ მის მიერ შერჩეული კაბინეტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ემსახუროს არა მხოლოდ “პრივილეგირებულთა მცირერიცხოვან ჯგუფს”, არამედ თითოეულ ბრიტანელს.

XS
SM
MD
LG