ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნულანდმა ჰელსინკის კომისიას ჩვენება მისცა


ვიქტორია ნულანდი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში
ვიქტორია ნულანდი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში
ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდმა ამერიკის კოგნრესის ჰელსინკის კომისიას ჩვენება მისცა, სადაც უკრაინის მიმართ შეერთებული შტატების მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა. ნულანდის თქმით, ამერიკა უკრაინის მთავრობას ეხმარება იმ დოკუმენტების ორგანიზებაში, რომლებსაც განდევნილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობის კორუმპირებული წევრების გასამართლებაში კრიტიკული მნიშვნელობა ექნება.

ნულანდმა განაცხადა, რომ ამერიკა უკრაინის მთავრობას რეფორმების დაგეგმვასა და განხორციელებაში ფინანსურ დახმარებას გაუწევს. რეფორმები, რომლებიც ქვეყანაში უნდა განხორციელდეს, ამერიკელი დიპლომატის თქმით, მძიმე იქნება უკრაინელი ხალხისთვის. თუმცა მათი განხორციელება აუცილებელია კიევის მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 18 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხის მისაღებად. ნულანდმა ამერიკის კონგრესს მადლობა გადაუხადა ერთ მილიარდიანი პაკეტის დამტკიცებისთვის, რომელიც უკრაინას გამოეყო.

სახელმწიფო მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მზადაა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცროს, თუმცა ამასთან, პრეზიდენტ ბარაკ ობამას მნიშვნელოვნად მიაჩნია რუსეთთან დიპლომატიური მოლაპარაკებების გაგრძელება:

„ამ მოლაპარაკებების დიდი იმედი არ გვაქვს, მაგრამ გვჯერა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის კარი ღია დავტოვოთ და ვნახოთ რა შედეგი მიიღწევა ამით.“

ნულანდის თქმით, რუსეთი არღვევს ჰელსინკის კომისიის და ევროპული დემოკრატიების ღირებულებებს და სპეც-სამსახურების მეშვეობით უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და თავისუფლებას საბოტაჟს უწყობს. მისივე თქმით, უკრაინა დღეს თავისუფლებისთვის ბრძოლის ფრონტის ხაზზე იმყოფება.
XS
SM
MD
LG